დანაშაულის სტატისტიკა

შსს: წინა წლის ოქტომბერთან შედარებით, დანაშაული შემცირებულია

შინაგან საქმეთა სამინისტრო 2014 წლის ოქტომბრის თვის დანაშაულის სტატისტიკას აქვეყნებს. მონაცემების მიხედვით, რეგისტრირებულია 2238 დანაშაული, რომელთაგან გახსნილია - 1555. დანაშაულის გახსნის პროცენტია 68,11%, ხოლო წინა წლის ანალოგიურ საანგარიშო პერიოდთან შედარებით, დანაშაულის პროცენტული კლებაა -17,94 %(499 ერთეული).

რაც შეეხება კონკრეტულად მუხლებს, გასული წლის ოქტომბერთან შედარებით, 60%-ით გაზრდილია განზრახ მკვლელობა, ხოლო თვითმკვლელობამდე მიიყვანა 1.45%-ით. ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანება 18.18%-თაა გაზრდილი.

ჯანმრთელობის განზრახ ნაკლებად მძიმე დაზიანება 52.08%-თაა შემცირებული. ასევე 25%-ით შემცირებულია დანაშაული სქესობრივი თავისუფლებისა და ხელშეუხებლობის წინააღმდეგ.

ყაჩაღობა გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, 5%-თაა შემცირებული. თუმცა, ყაჩაღობა ბინაში შეღწევით 200%-თაა გაზრდილი.

წინა წლის ოქტომბერთან შედარებით, გაზრდილია გამოძალვისა და თაღლითობის დანაშაულების რაოდენობა.

400%-თაა გაზრდილი დანაშაული 239 მუხლის მე-3 ნაწილით, რაც გულისხმობს ხულიგნობას ცეცხლსასროლი იარაღის ან იარაღად სხვა საგნის გამოყენებით.

ნარკოტიკული დანაშაული 43.62%-თაა შემცირებული. თუმცა, ნარკოტიკების კონტრაბანდის მაჩვენებელი 200%-თაა გაზრდილი.

2014 წლის ოქტომბრის მონაცემებით, წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, გაზრდილია დანაშაულები მუხლებით - დანაშაული მმართველობის წესის წინააღმდეგ, დანაშაული სასამართლო ორგანოების საქმიანობის წინააღმდეგ, დანაშაულის დროულად აღკვეთისა და გახსნის წინააღმდეგ მიმართული ქმედება.

კომენტარები