აზერბაიჯანის დელეგაციის ინციდენტი

ბათუმში საერთაშორისო ფორუმზე აზერბაიჯანის დელეგაციამ პლაკატები ჩამოხია

ბათუმში მიმდინარე აღმოსავლეთ პარტნიორობის სამოქალაქო საზოგადოების ფორუმზე აზერბაიჯანის დელეგაციამ პლაკატები ჩამოხია - ამის შესახებ ინფორმაციას ინტერპრესნიუსი ავრცელებს.

გავარცელებული ინფორმაციით აზერბაიჯანული დელეგაციის აღშფოთება პლაკატებმა გამოიწვიეს, რომელზეც გამოსახული ქვეყნის პრეზიდენტი ილჰამ ალიევი და შეიარაღებული სამართალდამცველები იყვნენ, ხოლო წარწერა აზერბაიჯანში ადამიანის უფლებების დარღვევას ეხმაურებოდა.

ინტერპრესნიუსი ავრცელებს ინფორმაციას, რომ  პლაკატები ერთ-ერთი ჩეხური არასამთავრობო ორგანიზაციის მიერ იყო გაკრული. აზერბაიჯანის დელეგაციის ერთმა ნაწილმა პლაკატების ჩამოხევაში პირადად მიიღო მონაწილეობა, სხვებმა კი განაცხადეს, რომ ადამიანის უფლებები მარტო აზერბაიჯანში არ ირღვევა და მოითხოვეს, სხვა ქვეყნებში არსებული ვითარების ამსახველი ბანერების განთავსებაც.

20-21 ნოემბერს, ბათუმში, აღმოსავლეთ პარტნიორობის სამოქალაქო საზოგადოების ფორუმის მე-6 შეხვედრა იმართება სადაც მონაწილეობას აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნები - აზერბაიჯანი, ბელორუსი, მოლდოვა, საქართველო, სომხეთი და უკრაინი, ასევე, ევროკავშირის არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები მონაწილეობენ. ისინი ევროკავშირის აღმოსავლეთ სამეზობლოში ევროინტეგრაციისა და უსაფრთხოების საკითხებს განიხილავენ.

საქართველო აღნიშნულ ფორუმს პირველად მასპინძლობს. შეხვედრას ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი დავით ბაქრაძე ესწრება.

კომენტარები