კრიზისი უკრაინაში

აშშ მზადაა, უკრაინისთვის თავდაცვითი შეიარაღების მიწოდების საკითხი განიხილოს

თეთრი სახლი
huffpost.com

ამერიკის შეერთებული შტატები უკრაინისთვის თავდაცვითი შეიარაღების მიწოდების საკითხს განიხილავს. ამის შესახებ სახელმწიფო მდივნის მოადგილის პოსტზე წარდგენილმა ენტონი ბლინკენმა კონგრესში მოსმენის დროს განაცხადა.

ბლინკენის განცხადებით, უკრაინული ჯარების ბრძოლისუნარიანობის გაძლიერება ამერიკული შეიარაღების ხარჯზე რუსეთს აიძულებს, უარი თქვას შემდგომ ქმედებებზე, რომლებიც მინსკის შეთანხმებას არღვევს. მისი თქმით, უკრაინაში შეიარაღების მიწოდების საკითხს უახლოეს დღეებში უკრაინაში ვიზიტის დროს ვიცეპრეზიდენტი ჯო ბაიდენი განიხილავს.

"რუსეთის მიერ სეპარატისტებისთვის შეიარაღების და ტექნიკის მიწოდება დამტკიცებული ფაქტია", - ამის შესახებ დიდი ბრიტანეთის ევროპის საქმეთა მინისტრი დევიდ ლიდინგტონი უკრაინულ გამოცემა Європейська правда-ში გამოქვეყნებულ საკუთარ სტატიაში აღნიშნავს. "კრემლმა უკრაინაში ასეულობით სამხედრო გაგზავნა, ათასობით მათგანს საზღვართან მოუყარა თავი და თავის მარიონეტებს იარაღით და ტანკებით შეუზღუდავად ამარაგებს. დასავლეთის ქვეყნებს ამის უტყუარი მტკიცებულებები გააჩნიათ", - წერს ლიდინგტონი.

გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა პოლონეთში ვიზიტისას, კიდევ ერთხელ გაუსვა ხაზი ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმების შესრულების აუცილებლობას.

"მინსკის შეთანხმება მნიშვნელოვანი დოკუმენტია, უნდა ვიმუშაოთ, რათა ის პრაქტიკაში განხორციელდეს. ამის შესახებ კიევში ვსაუბრობდი და ღიად ვესაუბრე ჩემი მოლოდინების შესახებ რუსეთის პრეზიდენტსა და საგარეო საქმეთა მინისტრს", - თქვა ფრანკ ვალტერ შტაიანმაიერმა.
თავის მხრივ, შტაინმაიერის რუსი კოლეგაც, პუტინის პრესმდივან პესკოვის შემდეგ, კიევისგან და დასავლეთისგან უკრაინის NATO-ში არგაწევრიანების გარანტიებს ითხოვს.

"ეჭვგარეშეა, რომ უკრაინის ნეიტრალური სტატუსი აუცილებელია არა მხოლოდ ევროატლანტიკურ სივრცეში უსაფრთხოებისთვის, არამედ უკრაინელი ხალხის ფუნდამენტური ეროვნული ინტერესების თვალსაზრისით. უკრაინის ხელისუფლება უარს ამბობს ნეიტრალურ სტატუსზე, არ მალავს, რომ სურს ქვეყნის აღმოსავლეთში კონფლიქტი ძალისმიერი გზით მოაგვაროს და შემდეგ ებრძოლოს რუსეთს, როგორც მთავარ მოწინააღმდეგეს. რადიკალ ნაციონალისტებს, ან ნაციონალ რადიკალებს, რომლებიც კიევის ხელსუფლებაში არიან, უკრაინის ისტორიიდან ყველაფერი რუსულის და მრავალსაუკუნოვანი რუსული ფასეულობების წაშლა სურთ", - აღნიშნა სერგეი ლავროვმა.

კომენტარები