საქართველოს ეკონომიკა

ზურაბ ჯაფარიძე: საქართველოს ექსპორტი გასული სამი თვის მანძილზე შემცირდა

ერთიანი ნაციონალიური მოძრაობის აღმასრულებელმა მდივანმა ზურაბ ჯაფარიძემ დღეს ენმ-ის ოფისში პრესკონფერენცია საქართველოს საგარეო ვაჭრობაში არსებულ პრობლემებზე გამართა. ზურაბ ჯაფარიძის თქმით, გასულ კვარტალში ექსპორტის ზრდა უარყოფითი იყო. აგვისტოში ექსპორტის კლებამ 13% შეადგინა, სექტემბერში კლება 7% იყო, ხოლო ოქტომბერში - 5%. ჯაფარიძის თქმით, ექსპორტის კლება განვლილი თვეების განმავლობაში პირველად მოხდა.

ჯაფარიძის შეფასებით, რუსეთში ექსპორტის ზრდა ქვეყნისათვის სარისკოა. რუსეთის ფედერაციაში საქონლის ექსპორტი 2013 წლის 9 თვეში 209%-ით გაიზარდა, ხოლო 2014 წლის 9 თვეში - 104%-ით. დანარჩენ ქვეყნებში ექსპორტის ზრდა კი მხოლოდ 1%-ს შეადგენს, რაც ჯაფარიძის შეფასებით, საქართველოს რუსეთზე ეკონომიკური დამოკიდებულის ზრდას ნიშნავს. ჯაფარიძის შეფასებით, აღარ ხდება საქართველოს საექსპორტო პოტენციალის დივერსიფიკაცია და საქართველო კვლავ ხდება დამოკიდებული მთავარ სავაჭრო პარტნიორზე - რუსეთის ფედერაციაზე, რაც საფრთხეს უქმნის მის ეროვნულ უსაფრთხოებას. 

ზურაბ ჯაფარიძის თქმით, განვლილი თვეების განმავლობაში საქართველოს მთავრობა ახალი საექსპორტო ბაზრების მოძიებაზე არასათანადოდ მუშაობდა.

საქსტატის მონაცემებით, 2014 წლის პირველ ცხრა თვეში საქარველოდან ექსპორტზე $2,1 მილიარდის ღირებულების პროდუქცია გავიდა. ქვეყნების მიხედვით კი პირველ ადგილზე 20%-ით აზერბაიჯანია, მეორე ადგილზე 10,1%-ით სომხეთი, ხოლო 10%-ით მესამე ადგილზე - რუსეთი. ღვინის ექსპორტი მთლიან ექსპორტში 6%-ს შეადგენს.

კომენტარები