ინვესტიციები

მსოფლიო ბანკი საირიგაციო სისტემის განვითარებას $50 მილიონით დააფინანსებს

სარწყავი სისტემა გარდაბანში
ტაბულა

დღეს საქართველოს მთავრობასა და მსოფლიო ბანკს შორის გაფორმდა ხელშეკრულება საირიგაციო სისტემების განვითარების შესახებ. მსოფლიო ბანკის საერთაშორისო განვითარების ასოციაცია IDA პროექტის განხორციელებისთვის საქართველოს $50 მილიონს გამოუყოფს. ხელშეკრულებას ხელი ფინანსთა მინისტრმა, ნოდარ ხადურმა და მსოფლიო ბანკის რეგიონულმა დირექტორმა სამხრეთ კავკასიაში, ჰენრი კერალიმ მოაწერეს. 

პროექტის ფარგლებში კახეთში, შიდა ქართლსა და ქვემო ქართლში დაგეგმილია საირიგაციო და სადრენაჟო სისტემების რეაბილიტაცია და მოდერნიზაცია. პროექტის მეშვეობით მიწის აღწერისა და რეგისტრაციის სამუშაოებიც ჩატარდება. დაახლოებით 19 ათას ოჯახს, რომლებიც საირიგაციო სისტემების სიახლოვეს ცხოვრობენ, აქამდე გაუფორმებელი მიწის ნაკვეთების დარეგისტრირების საშუალება ექნებათ. 

სარწყავი სისტემების განვითარების პროექტი ხუთწლიანია. პროექტის ფარგლებში 2019 წლისთვის რეგიონში სარწყავი მიწის ფართობი 26000 ჰექტრამდე უნდა გაიზარდოს, ხოლო მიწოდებული წყლის რაოდენობა დღეს არსებული 67 მილიონი მეტრ კუბიდან 95 მილიონ მეტრ კუბამდე უნდა გაიზარდოს. მსოფლიო ბანკის შეფასებით, აღნიშნული პროექტისგან პირდაპირ სარგებელს 31 ათასი ოჯახი მიიღებს. 

პროექტს სოფლის მეურნეობის სამინისტრო, დონორთა პროექტების მართვის სამმართველო და იუსტიციის სამინისტრო განახორციელებენ. 

საქართველოს მთავრობა პროექტით ნაკისრი ვალდებულების დაფარვას პროექტის დასრულებიდან 10 წლის შემდეგ, ანუ 2029 წელს დაიწყებს, მისი დაფარვა კი 2054 წელს დასრულდება.

დღეისთვის, კახეთის რეგიონში მსოფლიო ბანკის დაფინანსებით ხუთწლიანი პროექტი - "კახეთის რეგიონის განვითარების პროექტი" მიმდინარეობს, რომელიც აღნიშნული რეგიონის ტურისტული პოტენციალის ზრდას ემსახურება. "კახეთის რეგიონის განვითარების პროექტს" მსოფლიო ბანკი $60 მილიონით აფინანსებს.

კომენტარები