მოსკოვი-სოხუმის

საგარეო უწყება მოსკოვი-სოხუმის „ხელშეკრულების“ გამო შეშფოთებას გამოთქვამს

mfa.gov.ge

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ განცხადება გაავრცელა, რომელშიც შეშფოთებას გამოხატავს 20 ნოემბერს რუსეთის მთავრობის მიერ მიღებული დადგენილების თაობაზე, რომელიც აფხაზეთთან „მოკავშირეობისა და სტრატეგიული პარტნიორობის" შესახებ ხელშეკრულების შეთანხმებული ვარიანტის რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტისათვის ხელმოსაწერად გადაგზავნას ითვალისწინებს.

„მიუხედავად საქართველოს ხელისუფლების მიერ გადადგმული არაერთი კონსტრუქციული ნაბიჯისა, რუსეთთან პოლიტიკურ ასპექტში პროგრესი ვერ იქნა მიღწეული. რუსეთის ხელისუფლების წარმომადგენლების პერიოდული განცხადებები საქართველოსთან ურთიერთობების ნორმალიზების სურვილის შესახებ აშკარა წინააღმდეგობაშია მათ მიერ რეალურად გადადგმულ ნაბიჯებთან", - ნათქვამია საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში.

ოფიციალური თბილისი აღნიშნავს, რომ საქართველო არასდროს შეეგუება ტერიტორიული მთლიანობის შელახვას და შესაბამისად ამ საკითხში არავითარ კომპრომისზე წასვლას არ აპირებს.
საგარეო უწყება მიმართავს საერთაშორისო თანამეგობრობას, რათა „სათანადო შეფასება მისცეს რუსეთის ფედერაციის მიერ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიების ანექსიისკენ გადადგმულ ამ ნაბიჯს და გამოიყენოს მის ხელთ არსებული ყველა ბერკეტი, რათა ხელი ააღებინოს რუსეთის ფედერაციას საქართველოს წინააღმდეგ მიმართულ მორიგ აგრესიულ ქმედებებზე".

„ამაზე ისაუბრა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ბრიუსელში ვიზიტისას ევროკავშირსა და ნატოში შეხვედრების დროს და საგარეო საქმეთა მინისტრმა ლონდონსა და პრაღაში გამართულ შეხვედრებზე. ამ საკითხების შესახებ გვექნება საუბარი მომავალ კვირას საქართველოში აკრედიტებული დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებთან შეხვედრაზე და აგრეთვე დაგეგმილ ნატოსა და ეუთოს საგარეო საქმეთა მინისტერიალებზე", - ნათქვამია განცხადებაში.

20 ნოემბერს რუსეთის მთავრობამ ქვეყნის პრეზიდენტს მიმართა წინადადებით ხელი მოაწეროს აფხაზეთთან "მოკავშირეოისა და სტრატეგიული პარტნიორობის შესახებ" ხელშეკრულებას, რომელიც მთავრობას საგარეო საქმეთა სამინისტრომ მიაწოდა.

დადგენილებაში ნათქვამია, რომ ხელშეკრულება ემსახურება რუსეთსა და აფხაზეთს შორის „უფრო მჭიდრო თანამშრომლობას სოციალურ, კულტურულ და ჰუმანიტარულ, ასევე საგარეო პოლიტიკის, თავდაცვისა და უშიშროების სფეროებში, აფხაზეთის სახელმწიფო სუვერენიტეტის შენარჩნებით".

„ხელშეკრულება" სოხუმსა და მოსკოვს შორის 10 წლის ვადით ფორმდება შემდეგი გაგრძელების შესაძლებლობით.

კომენტარები