პატიმართა უფლებები

ადვოკატი: არაადამიანური მოპყრობის გამო პატიმარმა თვითდაზიანებები მიიყენა

25 წლის ბექა ოდიშარიამ ბათუმის მე-3 დაწესებულებაში, არაადამიანური მოპყრობის გამო, თვითდაზიანებები მიიყენა. ამის შესახებ გამოცემა ბათუმელებთან საუბრისას პატიმრის ადვოკატმა მარინა კაკაურიძემ განაცხადა. პატიმარს სხეულზე 80 ნაკერი ადევს, გადაჭრილი აქვს ყელი. მისი თქმით, პატიმარს, რომელის რომელიც ახლა გლდანის მეშვიდე დაწესებულებაშია გადაყვანილი, სხეულის სხვადასხვა ნაწილზე საერთო ჯამში 80 ნაკერი ადევს.

„მისი წამება და არაადამიანური მოპყრობა ციხეში დაიწყო 3 ნოემბრიდან, მას შემდეგ რაც ის ბათუმში №3 დაწესებულებაში გადაიყვანეს, განათავსეს სამარტოო საკანში, ხელებზე და ფეხებზე ერთდროულად ბორკილებს ადებდნენ, ჩემი დაცვის ქვეშ მყოფი ამ არაადამიანური პირობების გამო იძულებული გახდა თვითდაზიანება მიეყენებინა, ამბობს, რომ ამ ფორმით ციხის ადმინისტრაცია აიძულა მისთვის ყურადღება მიექციათ, ის გადაიყვანეს ჯერ საავადმყოფოში, სხეულის თითქმის ყველა ნაწილზე ნაკერები აქვს, მათ შორის ყელის არეში" - განაცხადა ადვოკატმა.

განცხადება მე-8 და მე-3 დაწესებულებებში შექმნილი სიტუაციის შესახებ დღეს სასჯელაღსრულების სამინისტრომ გაავრცელა. უწყების ინფორმაციით, ამ დაწესებულებებში ქურდული სამყაროს წარმომადგენელთა წაქეზებით პატიმრებმა შიმშილობა გამოაცხადეს და თვითდაზიანებები მიიყენეს.

"სასჯელაღსრულების N8 დაწესებულებაში მომხდარ სავარაუდო ინციდენტთან დაკავშირებით მიმდინარე კვირას გავრცელებული ინფორმაცია, რომელზეც პროკურატურა გამოძიებას აწარმოებს, ქურდული ტრადიციების მატარებელი ცალკეული ჯგუფებისთვის, როგორც ჩანს, ხელსაყრელი მომენტი აღმოჩნდა, რათა გავლენის სფეროს გაფართოება ეცადათ", - აღნიშნავს სასჯელაღსრულების სამინისტრო.

„წინასწარი ინფორმაციით, უსაფრთხოების სამსახურებზე დაყრდნობით, სასჯელაღსრულების N3 დაწესებულებაში, ქურდული ტრადიციების მატარებელმა მსჯავრდებულებმა, ნ.ნ-მ, გ.კ-მ, გ.ვ-მ და ბ.ო-მ, პროტესტის გამოხატვის ისეთი ფორმების გამოყენებით, როგორიცაა შიმშილობა და თვითდაზიანება და ამ პროცესში 39 მსჯავრდებულის ჩართვით, სცადეს გავლენა მოეხდინათ საზოგადოებრივ აზრზე და შეექმნათ ილუზია, თითქოს მათი უფლებები უხეშად ირღვევა. დაწესებულების სოციალური სამსახურის აქტიური მუშაობის შედეგად, ოცდასამმა პატიმარმა შიმშილობა უკვე შეწყვიტა. აღნიშნული მსჯავრდებულების ჯანმრთელობაზე ზრუნვა კანონის შესაბამისად ხორციელდება. ფაქტის შესწავლაში ჩართულია სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს გენერალური ინსპექცია", - ნათქვამია უწყების განცხადებაში.

 

კომენტარები