ელექტროენერგია

ელექტროსისტემის პარალიზება გარდაბნის თბოსადგურზე მომხდარმა ავარიამ გამოიწვია

გარდაბნის თბოელექტროსადგურზე მომხდარი ავარიის გამო რამდენიმე საათის განმავლობაში საქართველოს ელექტროსისტემა პარალიზებული იყო. 
რეგიონებსა და თბილისს ელექტროენერგიის მიწოდება გვიან ღამით შეუწყდა. 

ენერგეტიკის მინისტრის კახა კალაძის განმარტებით, 02.10-ზე გარდაბნის თბოსადგურზე მოხდა ავარია, რამაც ელექტროენერგიის გათიშვა გამოიწვია.

"მომხდარმა ნოლზე დასვა ელექტროენერგიის მიწოდება მთელი საქართველოს მასშტაბით. მინდა გითხრათ, რომ 15 წუთში უკვე დაიწყო ელექტროენერგიის მიწოდება დასავლეთ საქართველოდან, პირველი იყო ზუგდიდი, სამეგრელოს რეგიონი და შემდეგ, ეტაპობრივად ჩაირთო ყველა რაიონის ქალაქები. დაახლოებით 02.20 საათზე დედაქალაქის ჩართვა დაიწყო. 04.00 საათზე მთლიანად მთელ საქართველოს ელექტროენერგია მიეწოდებოდა", - განაცხადა კალაძემ. 

საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემის გენერალური დირექტორის  სულხან ზუმბერიძის თქმით, თბოელექტროსადგურზე მომხდარი დაზიანების მიზეზი ჯერჯერობით უცნობია. 

"უახლოეს დღეებში გვექნება ზუსტი დასკვნა", - აღნიშნა ზუმბერიძემ. 

კომენტარები