აფხაზეთის ანექსია

თავისუფალი დემოკრატები: ვგმობთ ე.წ. ხელშეკრულების გაფორმებას

თავისუფალი დემოკრატების შეფასებით, რუსეთსა და აფხაზეთს შორის ე.წ ხელშეკრულება არის გზავნილი საქართველოს და საერთაშორისო პარტნიორების მიმართ. პარტიის განცხადებით, საქართველოს ტერიტორიების მიტაცებასთან ერთად, აღნიშნული ე.წ ხელშეკრულება მიზნად ისახავს საქართველოს ევროპული და ევროატლანტიკური ინტერგაციის პროცესების ხელის შეშლას, აგრეთვე, მცდელობას, არ დაუშვას აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის მოსახლეობასთან ურთიერთობების აღდგენას.

"კატეგორიულად ვგმობთ რუსეთის ფედერაციასა და აფხაზეთს შორის ე.წ. მოკავშირეობისა და ინტეგრაციის შესახებ ხელშეკრულების გაფორმებას, რაც წარმოადგენს საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის ხელყოფის მორიგ ნაბიჯს და მიმართულია აფხაზეთის ფაქტობრივი ანექსიისკენ. ე.წ. ხელშეკრულების გაფორმება საქართველოს ხელისუფლებისგან მოითხოვს დაუყოვნებელ რეაგირებას და ქმედითი ნაბიჯების გადადგმას იმ გეგმის მიხედვით, რომელიც ჯერ კიდევ ჩვენი ხელისუფლებაში ყოფნის დროს შეიმუშავა საგარეო საქმეთა სამინისტრომ:

1. საქართველოს ხელისუფლებამ უნდა მოახდინოს ე.წ. ხელშეკრულების გაფორმებაზე ოფიციალური რეაგირება უმაღლეს დონეზე. მიგვაჩნია, რომ ასეთ ვითარებაში მხოლოდ საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადება საკმარისი ნამდვილად არ არის;

2. აუცილებელია, დაუყოვნებლივ განხორციელდეს პირდაპირი კონტაქტები საქართველოს ხელისუფლების უმაღლესი თანამდებობის პირების (პრეზიდენტი, პრემიერმინისტრი) პარტნიორი ქვეყნების სახელმწიფოს მეთაურებთან და მთავრობის ხელმძღვანელებთან;

3. საერთაშორისო ორგანიზაციებში (გაერო, ეუთო, ევროკავშირი) დაუყოვნებლივ იქნას მოთხოვნილი საგანგებო სხდომების მოწვევა. მიზანშეწონილად მიგვაჩნია ამ საკითხის დაყენება გაერო-ს უშიშროების საბჭოზე, ეუთო-ს გაძლიერებული მუდმივი საბჭოს და დეკემბრის მინისტერიალზე;

4. დაუყოვნებლივ დაიწყოს კონსულტაციები ევროკავშირთან, სამხრეთ კავკასიაში მის სპეციალურ წამომადგენელთან და ჟენევის პროცესის ყველა სხვა თანათავმჯდომარესთან პლენარული ან საგანგებო სხდომის მოწვევის მოთხოვნით;

5. მოვუწოდოთ საერთაშორისო თანამეგობრობას, კერძოდ, ავტორიტეტულ საერთაშორისო ორგანიზაციებსა და პარტნიორ სახელმწიფოებს, შესაბამისი შეფასება მისცენ ე.წ. ხელშეკრულების გაფორმებას;

6. საქართველოს პარლამენტმა გააქტიუროს ქმედებები პარტნიორი ქვეყნების საპარლამენტო ჯგუფებთან, რათა მოხდეს ამ ფაქტის ადეკვატური შეფასება შესაბამისი რეზოლუციების მიღების ჩათვლით;

7. საქართველოს ხელისუფლებამ გააქტიუროს საქმიანობა საერთაშორისო მედიასთან საერთაშორისო აზრის ფორმირების მიზნით;

8. საქართველოს ხელისუფლებამ დაუყოვნებლივ დაიწყოს მზადება რუსეთის ფედერაციასთან ორმხრივ ფორმატში პოლიტიკური ურთიერთობების გადახედვასთან დაკავშირებით გადასადგმელი ნაბიჯებისა და შესაძლო განვითარებებზე რეაგირებისთვის" - აცხადებს პარტია თავისუფალი დემოკრატები.

კომენტარები