აფხაზეთის ანექსია

ტოივო კლაარი: ე.წ. შეთანხმება ჩვენს მიდგომებში რეალურად არაფერს ცვლის

frontnews.ge

რუსეთსა და აფხაზეთის დე ფაქტო ხელისუფლებას შორის ხელშეკრულების გაფორმების საკითხს დღეს ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის ხელმძღვანელი ტოივო კლაარი გამოეხმაურა. კლაარის შეფასებით, აღნიშნული შეთანხმება ევროკავშირისა და საქართველოს ურთიერთობებში არაფერს ცვლის

"ევროკავშირის პოზიცია ასეთია, ვაღიარებთ საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას და მიგვაჩნია, რომ შეთანხმება ჩვენს მიდგომებში რეალურად არაფერს ცვლის. ჩვენ მშვიდად უნდა მივადევნოთ თვალი მოვლენებს და შევაფასოთ ისინი", - განაცხადა ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის ხელმძღვანელმა.

რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინი და ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. პრეზიდენტი რაულ ხაჯიმბა აფხაზეთსა და რუსეთს შორის ინტეგრაციის და მოკავშირეობის შესახებ ხელშეკრულებას სოჭში ხელს დღეს მოაწერენ. ხელშეკრულების მიხედვით, შეიქმნება საერთო შეიარაღებული ძალები, ასევე ერთი წლის განმავლობაში უნდა დასრულდეს აფხაზეთ-საქართველოს საზღვრის საინჟინრო-ტექნიკური სამუშაოები. საზღვარს თანაბრად გააკონტროლებს როგორც აფხაზური, ასევე რუსული მხარე. ევრაზიული კავშირის კანონმდებლობის შესაბამისობაში უნდა მოვიდეს საბაჟოც. რუსეთი, თავის მხრივ, აფხაზეთის მოქალაქეებისთვის რუსეთის მოქალაქეობის გამარტივების ვალდებულებას იღებს. დოკუმენტი 10 წლის ვადით იდება, თუმცა 5-წლიანი პერიოდებით გახანგრძლივების საშუალებას იძლევა.

მოსკოვსა და სოხუმს შორის მოკავშირეობის შესახებ ხელშეკრულებას აფხაზები აპროტესტებენ. მათ ფსოუს გამშვებ პუნქტთან საპროტესტო აქცია გამართეს. აქციის მონაწილეებს შორის იყვნენ 1992-93 წლების კონფლიქტში დაღუპულთა ოჯახის წევრები, რომლებიც აცხადებდნენ, რომ რუსეთთან ხელშეკრულების გაფორმება აფხაზეთის დამოუკიდებლობის დასასრული იქნება.

კომენტარები