ლარის კურსის ცვლილება

ლარის კურსმა დოლართან მიმართებით გასული ოთხი წლის მინიმუმს 1,82-ს მიაღწია

ქართული ლარის სიმბოლო
საქართველოს ეროვნული ბანკი

საქართველოს ეროვნული ბანკის მონაცემებით დღეს ლარის გაცვლითი კურსი დოლართან მიმართებით 1,82 გახდა. გასული კვირის განმავლობაში ლარის გაცვლითი კურსი დოლართან მიმართებით 1,76-დან 1,82-მდე დავიდა. გაცვლითი კურსის ვარდნა ყველაზე შესამჩნევი 23-24 ნოემბრის მონაკვეთში იყო, როდესაც ლარი დაახლოებით 2,3 თეთრით გაუფასურდა. ლარის გაცვლითი კურსი ევროსთან მიმართებით კი 2,26-ს შეადგენს. აღნიშნული მაჩვენებელი გასული ოთხი წლის პიკურ ნიშნულს წარმოადგენს.

გაცვლითი კურსის ვარდნა გასული წლის ზამთარშიც მოხდა, როდესაც პიკური ნიშნული 1,78 დაფიქსირდა. ლარის კურსის მნიშვნელოვან ვარდნას ადგილი 2010 წლის მაისშიც ჰქონდა, როდესაც ლარის დოლართან მიმართებით ისტორიულად დაბალ ნიშნულზე დაეცა და მისმა გაცვლითმა კურსმა 1,91 შეადგინა. 

გასული წლის გაუფასურებას ეროვნული ბანკის რეზერვების $400 მილიონით შემცირება მოჰყვა. 

საქართველოს ეროვნული ბანკის ვიცეპრეზიდენტის არჩილ მესტვირიშვილის თქმით, ქართული ლარი თავისუფალი ცურვის რეჟიმშია და ის ისეთი იქნება, როგორც ეკონომიკა განსაზღვრავს.

ეკონომიკის ექპერტის ლევან კალანდაძის შეფასებით გაცვლით კურსში ასეთი რყევები ბიუჯეტის ხარჯვითი ნაწილის არასწორ დაგეგმვას უკავშირდება. კალანდაძის თქმით სახელმწიფომ წლის მანძილზე ვერ აითვისა ბიუჯეტით განსაზღრული ხარჯები, რის გამოც ის წლის ბოლო კვარტალში ცდილობს თითქმის 1,7 მილიარდი ლარის ათვისებას. მიმოქცევაში ჭარბი რაოდენობით ლარის მიწოდებამ კალანდაძის თქმით ინფლაციური პროცესის გაძლიერება გამოიწვია. 

კომენტარები