აფხაზეთის ანექსია

წულუკიანი: ე.წ ხელშეკრულებას ქართველი ხალხი არასდროს არ შეეგუება

იუსტიციის მინისტრის თეა წულუკიანის შეფასებით, "პუტინის მთავრობა და რუსეთი აგრძელებს აგრესიულ პოლიტიკას საქართველოს წინააღმდეგ". წულუკიანი დე ფაქტო აფხაზეთსა და რუსეთს შორის ე.წ. შეთანხმების გაფორმებას გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ ეს მიუღებელია. მისი თქმით, ქართველი ხალხი ე.წ დოკუმენტის შინაარსს არასდროს შეეგუება. ამასთან, წულუკიანის თქმით, საქართველოს "ჰყავს ძლიერი და გონიერი მთავრობა, რომელიც არასდროს შეეგუება რუსეთის აგრესიულ პოლიტიკას, მაგრამ ამავე დროს, არაფერს არ გააკეთებს გაუფრთხილებლობით, ისე, რომ საქართველოს ეროვნული ინტერესი და ქართველი ხალხი დაზიანდეს".

"ე.წ ხელშეკრულება ჩვენთვის მიუღებელია. ქართველი ხალხი არასდროს, ვინც არ უნდა იყოს ხელისუფლებაში, არ შეეგუება ამას. საქართველოს მთავრობამ ქმედითი მოწოდებები და ნაბიჯები გადადგა იმისთვის, რომ ცივილიზებულმა სამყარომ, ჩვენმა პარტნიორებმა, დასავლეთმა ქმედით ღონისძიებებს მიმართონ, რათა რუსეთის აგრესიული პოლიტიკა შეჩერდეს. სახეზეა უკრაინის მაგალითი და არ არის გამორიცხული, რომ მომავალში რუსეთმა ეს აგრესიული პოლიტიკა სხვა ქვეყნებშიც გააგრძელოს. ისიც უნდა აღნიშნოს, რომ წინა წლებისგან განსხვავებით, საქართველოს ჰყავს დღეს ძლიერი სახელმწიფო, ძლიერი და ამავე დროს, გონიერი მთავრობა, რომელიც არასდროს შეეგუება რუსეთის აგრესიულ პოლიტიკას, მაგრამ ამავე დროს, არაფერს არ გააკეთებს გაუფრთხილებლობით, ისე, რომ საქართველოს ეროვნული ინტერესი და ქართველი ხალხი, ან თითოეული ინდივიდი საქართველოში დაზიანდეს. ეს არის ძალიან რთული, მაგრამ ჩვენ ამას ნაბიჯ-ნაბიჯ მივყვებით. თქვენ ნახეთ, რომ ორი წლის განმავლობაში, უკომპრომისო, მაგრამ გონივრული პოლიტიკის წყალობით, ჩვენს ქვეყანაში სტაბილურობაა, ჩვენი ქვეყანა ვითარდება და ამევე დროს, ჩვენ ვმუშაობთ იმაზე, რომ არაღიარების პოლიტიკა გაგრძელდეს და ჩვენ ერთ დღეს გავაერთიანოთ ქვეყანა და დავიბრუნოთ ის ხალხი და ტერიტორიები, რომლებიც დღეს ძალით საზღვრის იქით არიან და მათი უფლებები ირღვევა,“ - აცხადებს თეა წულუკიანი.

კომენტარები