ჩაკ ჰეიგელი

ჩაკ ჰეიგელი აშშ-ის თავდაცვის მდივნის პოსტს ტოვებს

Getty Images

ჩაკ ჰეიგელი აშშ-ის თავდაცვის მდივნის პოსტს ტოვებს. ის აღნიშნულ თანამდებობაზე წელიწადზე მეტ ხანს მუშაობდა. პრეზიდენტმა ბარაკ ობამამ ცოტა ხნის წინ პრესკონფერენცია გამართა და თქვა, რომ ის წარმოუდგენლად იღბლიანია იმიტომ, რომ ამ პოსტზე ჰეიგელი მსახურობდა. მან ჰეიგელს სამაგალითო თავდაცვის მდივანი უწოდა.

ობამას თქმით, ჰეიგელი თავად მივიდა მასთან და უთხრა, რომ ეს იყო შესაფერისი დრო თანამდებობის დასატოვებლად.

ჰეიგელმა კი მის მოკლე განცხადებაში თქვა, რომ მისთვის თავდაცვის დეპარტამენტის ხელმძღვანელობა დიდი პრივილეგია იყო.

თუმცა, გავრცელებული ინფორმაციით, ჰეიგელის გადადგომა ზეწოლას უკავშირდება. ასევე აღსანიშნავია, რომ გასულ თვეს, ის მკვეთრად კრიტიკული იყო ამერიკის სტრატეგიასთან დაკავშირებით, ისლამური სახელმწიფოსა და სირიის რეჟიმთან მიმართებით.

ჩაკ ჰეიგელი თანამდებობიდან ოფიციალურად ორშაბათს გადადგება. თუმცა, ის მოვალეობას შეასრულებს მანამ, სანამ ახალი თავდაცვის მდივანი დაინიშნება.

68 წლის ჰეიგელი ვიეტნამის ომის ვეტერანი და ყოფილი სენატორია. ის თავდაცვის მდივანი 2013 წელს გახდა.

კომენტარები