ქალთა მიმართ ძალადობა

სახალხო დამცველი: ფემიციდზე მთავრობასა და ჩვენ ერთიანი ხედვა არ გვაქვს

ombudsman.ge

ქალთა მიმართ ძალადობის აღმოსაფხვრელად პარლამენტი და მთავრობა ქმედით ნაბიჯებს არ დგამს, - ამის შესახებ სახალხო დამცველის განცხადებაშია ნათქვამი.

სახალხო დამცველი 25 ნოემბერს, მსოფლიო ქალთა მიმართ ძალადობის აღმოფხვრის საერთაშორისო დღეს ეხმაურება და აღნიშნავს, რომ მნიშვნელოვანია ქალთა ძალადობის წინააღმდეგ ერთიანი სტრატეგიის შექმნა, თუმცა მთავრობის წარმომადგენლები ამ თემაზე არ აქტიურობენ.

„ძალადობის წინააღმდეგ ეფექტურად საბრძოლველად მნიშვნელოვანია, ვაღიაროთ პრობლემის არსებობა, გავაცნობიეროთ, რომ ქალთა მიმართ ძალადობის გამომწვევი უმთავრესი მიზეზი გენდერული უთანასწორობაა და სწორედ ამ უთანასწორობას უნდა ვებრძოლოთ. სანამ ქალთა ხმა არ იქნება მოსმენილი გადაწყვეტილების მიღებისას, სანამ ქალები დაექვემდებარებიან შევიწროებას და უთანასწორო მოპყრობას დასაქმებისას, სანამ დავადანაშაულებთ მსხვერპლს და ამა თუ იმ მიზეზით გავამართლებთ მოძალადეს, ჩვენ ავცდებით პრობლემის მოგვარების მთავარ გზას. დღეს აშკარაა, რომ ძალადობის ამ ტალღის წინააღმდეგ ბრძოლაში არ გვაქვს ერთიანი ხედვა. სამწუხაროდ, ჩემს საგანგებო მიმართვაზე პარლამენტის მიმართ, განსაკუთრებული მსჯელობის საგნად ექცია ფემიციდი, მოეწვია მთავრობის შესაბამისი წარმომადგენლები და გვემსჯელა მიზეზებზე, დასახულიყო მოქმედების ერთიანი ეროვნული სტრატეგია, გამოხმაურება დღემდე არ მიმიღია“, - ნათქვამია განცხადებაში.

სახალხო დამცველის თქმით, საქართველოში ქალთა მიმართ ძალადობის საგანგაშო ტენდენციაა.

„პრობლემის მასშტაბები და სიმძაფრე მთელი სიცხადით შევიგრძენით წელს, როცა პარტნიორის ან ყოფილი პარტნიორის მხრიდან ქალთა მკვლელობის 20-ზე მეტი შემთხვევა მოხდა. ქალთა მიმართ ძალადობა მთელი საზოგადოების ტკივილი და პრობლემაა, რომელსაც სჭირდება აღიარება, ამ ფენომენის უკიდურესად უარყოფითი შედეგების სრულფასოვანი გაცნობიერება და შემდგომ მის შესაჩერებლად ერთიანი ძალისხმევა, კოორდინირებული და დროული მოქმედება. ჩვენ კი, სამწუხაროდ, ვერ შევძელით დაგვეცვა ქალების სიცოცხლე და ჯანმრთელობა ქობულეთში, ლამბალოში, ზესტაფონში, დვაბზუში, თბილისში და კიდევ ბევრ ადგილას. ვერ შევძელით სტერეოტიპული აზროვნების რღვევა, გენდერული თანასწორობის სულისკვეთების ბუნებრივი პოზიტივების აღქმა, ამ სულისკვეთების გავრცელება და საზოგადოებაში მის დასამკვიდრებლად საერთო ეროვნული თანხმობის ჩამოყალიბება“, - ნათქვამია განცხადებაში.

ომბუდსმენი მოუწოდებს მთავრობას, რომ პრობლემის აღიარებიდან ქმედითი ნაბიჯების გადადგმაზე გადავიდეს და მას საზოგადოებაც დაუჭერს მხარს.

„სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია, ყველანაირი ძალისხმევა იქნეს გამოყენებული ქალთა მიმართ ძალადობის პრევენციის, შესაძლო მსხვერპლთა დაცვისა და დახმარებისათვის. აუცილებელია სახელმწიფო ხელისუფლების ორგანოებმა გამოიყენონ ყველა არსებული ბერკეტი ძალადობის შესაჩერებლად. საზოგადოებამ უნდა დაარღვიოს დუმილი და ხმამაღლა თქვას, რომ ქალთა მიმართ ძალადობა საზოგადოებისათვის საშიში დანაშაულია“, - წერს სახალხო დამცველი.

კომენტარები