ქალებზე ძალადობა

პრემიერი: ქალთა მიმართ ძალადობას ხელისუფლება მარტო ვერ მოერევა

საქართველოს პრემიერის ირაკლი ღარიბაშვილის შეფასებით, ქალთა მიმართ ძალადობა არის პრობლემა, რომელსაც ხელისუფლება მარტო ვერ მოერევა. პრემიერმა ქალთა მიმართ ძალადობის აღმოფხვრის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით განცხადება გაავრცელა.

"ჩვენს ქვეყანაში ბოლო დროს მომხდარმა ქალთა მიმართ ძალადობის შემაძრწუნებელმა ფაქტებმა ნათლად დაგვანახა, რამდენად სერიოზულია პრობლემა და რამდენად ყოვლისმომცველ და კოორდინირებულ რეაგირებას საჭიროებს. ქალთა მიმართ ძალადობა არის პრობლემა, რომელსაც ხელისუფლება მარტო ვერ მოერევა. ძალადობის წინააღმდეგ, სახელმწიფოსთან ერთად, მთელი საზოგადოება უნდა გაერთიანდეს. საქართველოში ქალის პატივისცემის დიდი ტრადიცია არსებობს და ქალთა მიმართ გახშირებული ძალადობის ფაქტები შეუთავსებელია ამ ტრადიციასთან და ძალიან სამარცხვინოა. კატეგორიულად მიუღებლად მიმაჩნია ქალების მიმართ ძალადობის გამართლების მცდელობა ტრადიციის, კულტურის, რელიგიისა თუ ჩვენი ქვეყნის თავისებურების სახელით. ყოვლად დაუშვებლად მიმაჩნია დანაშაულის ჩადენის შემთხვევაში საზოგადოების მიერ მსხვერპლის მხრიდან დანაშაულის მაპროვოცირებელი გარემოებების შესახებ კითხვების დასმა. ძალადობას არ შეიძლება მოეძებნოს რამე გამართლება. ძალადობის ჩამდენმა პასუხი უნდა აგოს კანონის წინაშე. დარწმუნებული ვარ, ჩვენ ყველანი ერთად, ხელისუფლება, არასამთავრობო ორგანიზაციები და მთელი საზოგადოება წარმატებით შევძლებთ ქალთა ძალადობის წინააღმდეგ ეფექტიან ბრძოლას და ამ მიმართულებით კონკრეტული ხელშესახები შედეგების მიღებას", - ნათქვამია პრემიერის განცხადებაში. 

კომენტარები