საქართველოს ნაკრები და ლოთარ მათეუსი

სიჭინავა: ქეცბაიას შემცვლელად მათეუსის კანდიდატურაც განიხილება

gff.ge

ჩემი პირადი აზრი თუ გაინტერესებთ, მცირედით ქართველი სპეციალისტისკენ ვიხრები. რაც შეეხება უცხოელის ვარიანტს, ვერ ვიტყვი, რომ აქ დიდი არჩევანი გვაქვს. ერთს კი გაგიმხელთ - შემოგვთავაზეს ლოთარ მათეუსის კანდიდატურა. ვიცით, რომ მას აქვს სურვილი, იმუშაოს საქართველოს ნაკრებში, - ეს განცხადება საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის გენერალურმა მდივანმა რევაზ არველაძემ, საზოგადოებრივი მაუწყებლის ეთერში გააკეთა.

ეს ინფორმაცია რუსთავი ორის ეთერში დაადასტურა სფფ-ის პრეზიდენტმა ზვიად სიჭინავამაც.

"ქეცბაიას 5-წლიან მუშაობას ვერ შევაფასებ. ჩემთვის ერთადერთი საწყენი ისაა, რომ პირველ ნაკრებში ვერ მივაღწიეთ წარმატებას, თორემ ასაკობრივ ნაკრებებში იყო წარმატებები. მწვრთნელის პოსტზე რამდენიმე კანდიდატურა განიხილება. საკმაოდ ბევრი უცხოელიცაა. მათ შორის ერთ-ერთი ლოთარ მათეუსია. ჯერჯერობით, არ ვჩქარობთ. ვვარაუდობ, რომ დეკემბერში უკვე რეალური კანდიდატები გვეცოდინება", - განაცხადა ზვიად სიჭინავამ.

შეგახსენებთ, რომ დამრიგებლის გარეშე დარჩენილ საქართველოს ნაკრებს უახლოესი ოფიციალური მატჩი 29 მარტს, გერმანიის ნაკრების წინააღმდეგ უწევს, თუმცა იქამდე ფიფა-ს მიერ ამხანაგური მატჩებისთვის გამოყოფილი თარიღია (23 მარტი), რომელსაც ბოლო ინფორმაციით ჯვაროსნები მალტასთან სათამაშოდ გამოიყენებენ.

ჯერჯერობით უცნობია, თუ ვინ დაიკავებს საქართველოს ნაკრების მთავარი მწვრთნელის თანამდებობას. ფედერაციაში აცხადებენ რომ ახალ თავკაცს იანვარში დანიშნავენ. არველაძის თქმით, სფფ-ის ხელმძღვანელობა სწორად მიიჩნევს, მომავალ თავკაცს 3-წლიანი კონტრაქტი გაუფორმდეს.

რაც შეეხება არველაძისა და სიჭინავას მიერ დასახელებულ ლოთარ მათეუსს, ის საქართველოში ამ წლის ივნისში კომპანია ზედაზენის მოწვევით იმყოფებოდა. მაშინ, წარსულში ცნობილმა ფეხბურთელმა თბილისში არსებული საბავშვო აკადემიები დაათვალიერა და მოგვიანებით შეხვედრები სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროსა და ფეხბურთის ფედერაციაშიც გამართა.

გერმანული ფეხბურთის ლეგენდად აღიარებულმა მათეუსმა სამწვრთნელო კარიერა 2001 წელს დაიწყო. ინტერნეტში სხვადასხვა გვერდებსა და ვიკიპედიაზე არსებულ ცნობებს თუ ვენდობით, სპეციალისტის სამწვრთნელო კარიერის განმავლობაში ხშირად ეხვეოდა სკანდალებსა და კონფლიქტურ სიტუაციებში.

ის სხვადასვა დროს ვენის რაპიდს, ბელგრადის პარტიზანს, ატლეტიკო პარანაენსეს, ზალცბურგის რედ ბულსს წვრთნიდა, ასევე თავკაცობდა უნგრეთისა და ბულგარეთის ეროვნულ ნაკრებებს. 2011 წლის შემდეგ, გერმანელს არსად უმუშავია.

ვენის რაპიდმა მათეუსის ხელმძღვანელობით 32 მატჩი გამართა, 9-ში გაიმარჯვა, ამდენივე ფრედ დაასრულა, ხოლო 14-ში დამარცხდა.

ამის შემდეგ იყო პარტიზანი, სადაც გერმანელმა უკეთესი შედეგები აჩვენა: 43 შეხვედრა, 28 გამარჯვება, 6 ფრე და 9 წაგება. თუმცა, სერბეთიდან მათეუსი მაინც კონფლიქტით წამოვიდა. უკვე უნგრეთს ეროვნული გუნდის მწვრთნელის რანგში, სპეციალისტმა პარტიზანის ხელმძღვანელობა კონტრაქტის პირობების დარღვევაში დაადანაშაულა. მისი თქმით, კონტრაქტით ტრანსფერების განხორციელებისას დამატებითი თანხები ეკუთვნოდა, რომელიც არ მიუღია. მას შემდეგ, რაც შახტარში გაყიდული დუილიას ტრანსფერის პროცენტი არ გადაუხადეს, მათეუსმა პარტიზანს საარბიტრაჟო სასამართლოში უჩივლა.

უნგრეთის ეროვნულ ნაკრებში ლოთარ მათეუსი 2003 წლის 14 დეკემბერს დაინიშნა და პოსტზე 2005 წლის ბოლომდე დარჩა. 28 მატჩში 11 მოგება, 3 ფრე და 14 წაგება - ასეთია გერმანელი სპეციალისტის მონაგარი უნგრეთის ეროვნულ გუნდში მუშაობისას. ამასთან, შესარჩევ ჯგუფში მეოთხე ადგილის დაკავების შემდეგ, უნგრეთის ნაკრებმა 2006 წლის მსოფლიოს ჩემპიონატზე მოხვედრა ვერ შეძლო. პოსტის დატოვების შემდეგ, 2007 წლის ნოემბერში მათეუსმა უნგრეთის ფეხბურთის ფედერაცია უნგრული ფეხბურთის დახმარების სურვილის არქონაში და მეტიც - მის ექსპლუატაციაში დაადანაშაულა. "შემთხვევითი არ არის, რომ უნგრეთის მიერ 2012 წლის ევროპის ჩემპიონატის მასპინძლობის განაცხადმა ვერცერთი ხმა ვერ მიიღო", - ციტირებს მათეუსის სიტყვებს sportgeza.hu.

ბრაზილიურ ატლეტიკო პარანაენსესთან მათეუსმა 1-წლიანი კონტრაქტი გააფორმა. თუმცა, 7 მატჩის შემდეგ (5 მოგება, 2 ფრე, 0 წაგება), გუნდი დატოვა და მიზეზად ოჯახთან ახლოს ყოფნის სურვილი დაასახელა. კონტრაქტის გაფორმებიდან 5 კვირის შემდეგ, გერმანელმა კლუბის ხელმძღვანელებს განუცხადა, რომ პირადი პრობლემების გამო გერმანიაში უნდა გამგზავრებულიყო და 3-4 დღეში დაბრუნდებოდა. 2 კვირის შემდეგ, მათეუსმა პოსტიდან წასვლის შესახებ გუნდის ხელმძღვანელობას ფაქსით შეატყობინა ისე, რომ ბრაზილიაში არც ჩასულა. ამის შემდეგ, ბრაზილიურმა მხარემ გერმანელს სატელეფონო დავალიანების გადახდა მოსთხოვა, რამაც დაახლოებით 6 000 $-ს შეადგინა. კლუბმა საკუთარ ვებსაიტზე სატელეფონო ქვითრის ასლიც კი განათავსა.

ბრაზილიის შემდეგ, მათეუსმა ისრაელს მიაშურა, სადაც 2008-09 სეზონის განმავლობაში ნეთანიის მაკაბი უნდა გაეწვრთნა, თუმცა იქ მუშაობა ბოლომდე ვერ შეძლო. 2009 წლის აპრილში, კლუბის ხელმძღვანელობამ განაცხადა, რომ გერმანელი სპეციალისტი გუნდში ვეღარ იმუშავებდა, მიზეზად კი ფინანსური პრობლემები დაასახელა. მათეუსის ხელმძღვანელობით მაკაბიმ 45 მატჩი გამართა, 19-ში გაიმარჯვა, 14 ფრედ დაასრულა, 12-ში კი დამარცხდა.

სულ ბოლოს, ლოთარ მათეუსი ბულგარეთის ნაკრებში მუშაობდა, სადაც 2010 წლის სექტემბერში 1-წლიანი კონტრაქტი გაუფორმეს. გერმანელმა ევრო 2012-ზე ნაკრების გაყვანა ვერ შეძლო და საბოლოოდ, 2011 წლის სექტემბერში ბულგარეთის ფეხბურთის ფედერაციამ ის პოსტიდან დაითხოვა. 11 მატჩი, 3 მოგება, 3 ფრე და 3 წაგება - ასეთი იყო მათეუსის მონაგარი ბულგარეთის ეროვნულ გუნდში.

კომენტარები