რუსეთ-აფხაზეთის ხელშეკრულება

ზაქარეიშვილი: თუ რამე სიახლეა რეალურად, ეს აფხაზი ხალხის გამოფხიზლებაა

Paata Zakareishvili
Dimitri Chikvaidze / Tabula

შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის, პაატა ზაქარეიშვილის განცხადებით სიახლე რუსეთსა და აფხაზეთს შორის ე.წ მოკავშირეობისა და ინტეგრაციის ხელშეკრულების გაფორმებაში ის არის, რომ ეს არის აფხაზი ხალხი გამოფხიზლდა. ზაქარეიშვილმა ასევე აღნიშნა, რომ აღნიშნული დოკუმენტი ფარატინა ქაღალდია.

„ის რაც არსებობს, იმის ინტენსიფიკაცია ხდება. ამიტომ არსებითი ცვლილებები არ არის, არის მორიგი ცვლილებები. ანუ ჩვენ თუ ჩავუღრმავდებით დოკუმენტს, როცა მე ვამბობ, რომ ეს დოკუმენტი გავს დანარჩენ დოკუმენტებს, რითი გავს, ერთადერთი რამით გავს, უკანონოა.

ისეთივე უკანონოა და ისეთივე ფარატინა ქაღალდია, როგორც ნებისმიერი სხვა. ეს უკვე რეალობა არის დიდი ხანია. თქვენ თუ თვლით, რომ ენგურს დღეს არ აკონტროლებს რუსეთი, ძალიან ცდებით. თუ ჩვენ მივყვებით ტექსტს, ძალიან სახიფათო გზას ვადგებით. ჩვენ ამით, ნებით თუ უნებლიეთ ვიწყებთ ამ ტექსტის ლეგიტიმაციას.

თუ ჩვენ ამას ცოტათი მაინც შევეხებით როგორც ფორმალურს, მაშინ უნდა დავიწყოთ 2008 წლის 17 სექტემბრიდან. გამოდის რომ 80 დოკუმენტის ფორმალურად ქცევისკენ მივდივართ. მათ შორის არის სამხედრო ხელშეკრულებები. მათ შორის არის რუსეთის ბაზების ყოფნა საქართველოს ტერიტორიაზე. უკვე ყველაფერში გადავდივართ ფორმალურად. ამიტომ ჩვენ ცალსახად უნდა შევაფასოთ ეს როგორც უკანონო და როგორც ნაბიჯები რუსეტის და არა ის, დოკუმენტში რა წერია, იმიტომ რომ დოკუმენტში რაც წერია, ყველაფერი მოქმედებს აფხაზეთის ტერიტორიაზე დიდი ხანია. საქმე ის არის რომ რუსეთმა ეს მოინდომა დღეს აფხაზებს დაუკანონოს, თორემ ჩვენთვის ეს დიდი ხანია ოკუპაციაა" - განაცხადა მინისტრმა რუსთავი 2-ის გადაცემა არჩევანში სტუმრობისას.

„ვინაიდან ეს დოკუმენტი სამართლებრივად არის მნიშვნელოვანი აფხაზური საზოგადოებისთვის, მათ ხომ დაიჯერეს თავის დამოუკიდებლობის, მათ დაიჯერეს ყველა იმ დოკუმენტის რასაც რუსებთან ხელი მოაწერეს, ამიტომ ეს უხერხულობა პირველ რიგში არის აფხაზური საზოგადოებისათვის. ვინაიდან აფხაზურ საზოგადოებას სჯერა, რომ დამოუკიდებელია, უკვე ნებისმიერი ხელმოწერილი დოკუმენტი მისთვის არის კანონი.

ანუ თუ ერთი ხელმოწერილი დოკუმენტით რუსეთმა მას მისცა დამოუკიდებლობა და მეორე ხელმოწერილი დოკუმენტით ართმევს მას ამ დამოუკიდებლობას, ბუნებრივია აფხაზურ საზოგადოებაში აბსოლუტურად გასაგებია შეშფოთება. მაგრამ ჩვენთვის ეს ერთი და იგივეა, ჩვენთვის გრძელდება ოკუპაცია.

ეს არის ნაბიჯი ანექსიისაკენ. ანექსია არის რაც მოხდა ყირიმში, როცა ტერიტორია აბსოლუტურად მითვისებულია სახელმწიფოს მიერ, იქ არის იმ სახელმწიფოს ადმინისტრაცია, იმ ტერიტორიაზე ვრცელდება იმ სახელმწიფოს კონსტიტუცია და მთელი კანონმდებლობა არის იმ სახელმწიფოსთვის მნიშვნელოვანი. ამიტომ ეს არის ნაბიჯი ანექსიისაკენ, მაგრამ ეს არ არის საბოლოო ანექსია. რუსეთს ამისკენ მიყავს ყველაფერი, მაგრამ მოუწია უკან დახევა ჯერ-ჯერობით.

იმიტომ, რომ პირველ ვარიანტში მნიშვნელოვნად უფრო მძიმე ვითარება იყო. აფხაზებმა იბრძოლეს რომ არ დამდგარიყო უფრო მძიმე ვითარება მათთვის, ჩვენთვის ერთი და იგივე ვითარებაა. ეს არის ოკუპაცია და საოკუპაციო რეჟიმი მართავს იქ ვითარებას. აფხაზებს ეგონათ რომ თვითონ მართავდნენ ვითარებას. ამიტომ თუ რამე სიახლეა რეალურად, ეს არის აფხაზი ხალხის გამოფხიზლება. ამიტომ თავისთავად ეს არის მნიშვნელოვანი დინამიკა, სადაც მათი გულისტკივილი ჯდება და ემთხვევა საქართველოს სახელმწიფოს დღის წესრიგს" - თქვა ზაქარეიშვილმა.

კომენტარები