რუსეთ-საქართველოს ურთიერთობა

F.Times: საქართველო დასავლეთს მოუწოდებს, დაგმოს რუსეთ-აფხაზეთის ხელშეკრულება

Financial Times სტატიას აქვეყნებს სათაურით - "საქართველო დასავლეთს მოუწოდებს, დაგმოს რუსეთ-აფხაზეთის ხელშეკრულება". გამოცემასთან ინტერვიუში პრემიერმი ირაკლი ღარიბაშვილი ამბობს, რომ ის დარწმუნებულია, ხელმოწერილი დოკუმენტი არის ვლადიმირ პუტინის რეაქცია საქართველოს მიერ ევროინტეგრაციისკენ მისწრაფებაზე, თბილისის მიერ ივნისში ასოცირების ხელშეკრულების ხელმოწერაზე.

ავტორი წერს, რომ ღარიბაშვილისთვის "ეჭვგარეშეა, რომ მოსკოვი სამხრეთ ოსეთთანაც გააფორმებს ხელშეკრულებას".

"ღარიბაშვილმა Financial Times-ს უთხრა, რომ დასავლელი ლიდერების პირდაპირი დიალოგია საჭირო, რათა დამთავრდეს უკრაინის კრიზისი, მისი თქმით, მხოლოდ სანქციებით მიზანი არ მიიღწევა.

"ჩვენ მობილიზებული ვართ, რომ საერთაშორისო საზოგადოება დაგმობს რუსეთის ხელისუფლების ქმედებებს. ველით მეტ დაგმობას ევროპელი და ამერიკელი მეგობრებისგან".

ღარიბაშვილის თქმით, სავაჭრო ურთიერთობებმა რუსეთთან ორივე მხარეს სარგებელი მოუტანა. მაგრამ პოლიტიკური ურთიერთობების კუთხით, არანაირი წინსვლა არაა.

"ისე ჩანს, რომ რუსეთი არ პასუხობს ჩვენს კონსტუქციულ პოლიტიკას იმავე სულისკვეთებით. ჩვენ დავამტკიცეთ, რომ კონსტრუქციული მთავრობა ვართ, ვართ პრაგმატული ხალხი, გვინდა მშვიდობა და ნორმალიზებული ურთიერთობები ყველასთან, რუსეთის ჩათვლით. ჩვენი ევროინტეგრაციისკენ სწრაფვა ჩვენი არჩევანია... და არავის წინააღმდეგაა მიმართული", - ამბობდა პრემიერი.

ღარიბაშვილის დაჟინებით, მის ხელისუფლებას რუსეთის მიმართ არანაირი პროვოცირება არ მოუხდენია. ევროკავშირთან ხელშეკრულების ხელმოწერა პროვოკაცია არ ყოფილა", - ვკითხულობთ სტატიაში.

ავტორი უკრაინის შემთხვევასაც ახსენებს - "აღსანიშნავია, რომ უკრაინის ყოფილი პრეზიდენტის ვიქტორ იანუკოვიჩის გადაწყვეტილებამ, არ მოეწერა ხელი ასოცირების ხელშეკრულებაზე, რაც რუსეთის მიერ ინტენსიური ზეწოლის შედეგი იყო, გამოიწვია პროტესტი და საბოლოოდ თებერვალში ის ჩამოაგდეს. რევოლუცია მოჰყვა რუსეთის მიერ ყირიმის ანექსიას და შემდეგ მოხდა აღმოსავლეთ უკრაინაში რუსეთის მიერ მხარდაჭერილი სეპარატისტების აღზევება.

ღარიბაშვილი ინტერვიუში ამბობს, რომ დასავლეთმა სათანადოდ არ უპასუხა 2008 წელს რუსეთის აგრესიას საქართველოში და რუსეთიც უკრაინაში შეიჭრა.

"დიალოგის გარეშე, კონფლიქტი ვერ მოგვარდება. უნდა იყოს პირდაპირი დიალოგი რუსეთის ლიდერთან. დასავლელმა ლიდერებმა უნდა წარმართონ მოლაპარაკებები", - წერს ავტორი ღარიბაშვილის სიტყვებს სტატიაში.

Financial Times პრემიერთან სრულ ინტერვიუს მომავალ კვირას გამოაქვეყნებს.

კომენტარები