არეულობა ფერგიუსონში

ობამა: ფერგიუსონში მომხდარი შემთხვევა ძალადობის და არეულობის გამართლება არ არის

washingtonpost

შეერთებული შტატების პრეზიდენტის განცხადებით, იმ შემთხვევაშიც, თუ ადამიანის უფლებები დაირღვა, არეულობას და ძალადობას არანაირი გამართლება არ აქვს. ბარაკ ობამა აშშ-ის სხვადასხვა ქალაქში გამართულ საპროტესტო აქციებს გამოეხმაურა. აქციის მონაწილეები ნაფიც მსაჯულთა გადაწყვეტილებას აპროტესტებდნენ, რომლის თანახმად, აგვისტოში ქალაქ ფერგიუსონში 18 წლის შავკანიანი ახალგაზრდის მკვლელობისთვის პოლიციელს ბრალი არ წარედგინა. ზოგიერთ აქციაზე პოლიციასა და დემონსტრანტებს შორის შეხლა-შემოხლა მოხდა. თუმცა, აქციების უმრავლესობამ მშვიდობიანად ჩაიარა.

"როდესაც მომხდარით იმედგაცრუება გამოვთქვი, მხოლოდ ერთ ინციდენტს არ ვგულისხმობდი. პრობლემას ღრმა ფესვები აქვს და ამ საკითხის მიმართ ბევრი ჩვენი თანამოქალაქის დამოკიდებულება ძალზე მგრძნობიარეა, რადგან ჩვენი კანონი ყოველთვის თანაბრად და სამართლიანად არ სრულდება. მაგრამ არსებობს რეაგირების სწორი და დესტრუქციული გზები. შენობების, მანქანების დაწვა, ქონების განადგურება, საფრთხის შექმნა ადამიანებისთვის - ამას არანაირი გამართლება არ აქვს.  ეს სისხლის სამართლის დანაშაულებია და ამის ჩამდენი უნდა დაისაჯოს. მე არ თანავუგრძნობ იმ ადამიანებს, ვინც ფიქრობს, რომ ფერგიუსონში მომხდარი შემთხვევა შეიძლება ძალადობის გამართლებად იქცეს", - განაცხადა აშშ-ის პრეზიდენტმა ბარაკ ობამამ.

კომენტარები