პატიმრის თვითმკვლელობა

ომბუდსმენი: ქსნის ციხეში გარდაცვლილ პატიმარს დაზიანებები არ აღენიშნებოდა

news.ge

საქართველოს სახალხო დამცველი ქსნის ციხეში პატიმრის სავარაუდო თვითმკვლელობის ფაქტს სწავლობს. ომბუდსმენის განცხადებით, სახალხო დამცველის რწმუნებულების მიერ გვამის დათვალიერების დროს გარდაცვლილს სხეულზე არ აღენიშნებოდა დაზიანებების კვალი, გარდა ყელის არეში დაფიქსირებული დაზიანებისა, რაც სავარაუდოდ, ასფიქსიამ გამოიწვია.

"საქართველოს სახალხო დამცველის რწმუნებულები შეტყობინების მიღების საფუძველზე, 2014 წლის 25–26 ნოემბრის ღამეს მივიდნენ სასჯელაღსრულების #15 დაწესებულებაში, პატიმარ ა.ჭ. გარდაცვალების ფაქტთან დაკავშირებით. გარდაცვალების ანამნეზის მიხედვით, მსჯავრდებული საკანში უგონო მდგომარეობაში იმყოფებოდა. ყელის არეში, უფრო მეტად მარჯვნივ აღენიშნებოდა სტრანგულაციური ნაჭდევი, საძილე არტერიებზე პულსაცია არ აღენიშნებოდა, გულის ტონები არ ისმინებოდა, ჩაუტარდა გულ-ფილტვის რეანიმაციული ღონისძიებები. მიუხედავად ჩატარებული სამედიცინო დახმარებისა, სიცოცხლის ფუნქციის აღდგენა ვერ მოხერხდა. ბიოლოგიური სიკვდილი დაფიქსირდა 20:40 საათზე, სავარაუდო მიზეზი ასფიქსია. არ ფიქსირდება #15 დაწესებულებაში მედიკამენტების მიღების ფაქტიც.

საქართველოს სახალხო დამცველის რწმუნებულების მიერ გვამის დათვალიერების დროს გარდაცვლილს სხეულზე არ აღენიშნებოდა დაზიანებ(ებ)ის კვალი, გარდა ყელის არეში დაფიქსირებული დაზიანებისა. ასევე დააფიქსირეს ზედა კიდურებზე და მუცლის არეში ძველი მრავლობითი თვითდაზიანებების კვალი.

საქართველოს სახალხო დამცველისთვის მოწოდებული ინფორმაციით, ჩატარდა სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზა, რომელმაც უნდა დაადგინოს გარდაცვალების მიზეზი.

საქართველოს სახალხო დამცველის რწმუნებულებმა შეამოწმეს მსჯავრდებულ ა.ჭ.–ს ამბულატორიული პაციენტის სამედიცინო ბარათი, ასევე, დაწესებულების მთავარი ექიმის მიერ გაცემული სამედიცინო ცნობა, რომლის მიხედვით, სასჯელაღსრულების #15 დაწესებულებაში მოთავსებისას ექიმისთვის რაიმე სახის ჩივილებით მსჯავრდებულს არ მიუმართავს. თუმცა, მსჯავრდებულ ა.ჭ.–ს სამედიცინო ბარათის მიხედვით, სასჯელაღსრულების #8 დაწესებულებაში ყოფნის (2014 წლის 1 მარტიდან 15 ოქტომბრამდე) პერიოდში, მსჯავრდებული გადიოდა მკურნალობას, მათ შორის, გაწეული აქვს ექიმ–ფსიქიატრის კონსულტაციები 2014 წლის ივნისი–ივლისის თვეში", - აცხადებს ომბუდსმენი.

კომენტარები