ლარის კურსის ცვლილება

ნოდარ ხადური: ბიუჯეტის ზეგავლენა ლარის გაცვლით კურსზე არის ნულის ტოლი

ნოდარ ხადური
facebook.com/mofgeorgia

საქართველოს ფინანსთა მინისტრის ნოდარ ხადურის განცხადებით, ეროვნული ვალუტის გაცვლითი კურსის ცვლილებაზე ბიუჯეტს არანაირი გავლენა არ აქვს. ხადურის თქმით, საქართველოში მონეტარული პოლიტიკის განმსაზღვრელი ორგანო ეროვნული ბანკია და სწორედ მან უნდა გააკეთოს ვალუტის ცვლილებასთან დაკავშირებით შესაბამისი კომენტარი. აქვე ფინანსთა მინისტრი დასძენს, რომ თუკი ბიუჯეტი ჯერ გაუხარჯავია, ის ლარის გაუფასურებაზე ვერანაირ გავლენას ვერ იქონიებდა. ხადურის თქმით, მიმდინარე ბიუჯეტი გეგმის მიხედვით სრულდება.

ეკონომიკური განვითარების ცენტრის ხელმძღვანელის რომან გოცირიძის შეფასებით, ეროვნული ბანკი ლარის გაუფასურებაში დამნაშავე არ არის, რადგანაც მას მიმოქცევაში ფულის ჭარბი რაოდენობა არ გაუშვია. გოცირიძის აზრით, ლარის გაცვლითი კურსის გაუარესება მთლიანად ქვეყანაში მიმდინარე პროცესებმა გამოიწვია და მასში ეროვნული ბანკის, როგორც მონეტარული პოლიტიკის განმსაზღვრელი ორგანოს წვლილი უმნიშვნელოა. 

ეკონომიკის ექსპერტის ლევან კალანდაძის თქმით კი, ლარის გაუფასურება ბიუჯეტის ხარჯვითი ნაწილის არასწორმა დაგეგმვამ გამოიწვია. მისი შეფასებით, სახელმწიფოს აქვს არჩევანი - ფორმალურად შეასრულოს ბიუჯეტი და ამით საფრთხის ქვეშ დააყენოს ეროვნული ვალუტა და სავალუტო რეზერვები, ან აიღოს პოლიტიკური პასუხისმგებლობა და არასწორად დაგეგმილი ბიუჯეტი გაარღვიოს, რათა მისმა შესრულებამ ეროვნულ ვალუტაზე უარყოფითი გავლენა არ მოახდინოს.

ამ დროისთვის ეროვნულმა ბანკმა გაცვლითი კურსის დარეგულირებისთვის პირველი ნაბიჯები უკვე გადადგა. 25 ნოემბერს ეროვნულმა ბანკმა სავალუტო აუქციონზე $40 მილიონი გაყიდა

კომენტარები