რუსეთ-საქართველოს ურთიერთობა

ბოკერია: პრემიერი პრაქტიკულად მოუწოდებს დასავლეთს, არ მიაწოდონ იარაღი უკრაინას

ერთიანი ნაციონალური მოძრაობის საგარეო ურთიერთობათა მდივნის გიგა ბოკერიას განცხადებით, "საქართველოს დღეს ჰყავს ივანიშვილის დანიშნული პრემიერი, რომელიც პრაქტიკულად მოუწოდებს დასავლეთს და თავისუფალ სამყაროს, არ მიაწოდონ თავდაცვითი იარაღი უკრაინას". ბოკერიამ ირაკლი ღარიბაშვილის Financial Times-თან  ინტერვიუ შეაფასა, სადაც პრემიერმინისტრმა დასავლეთის მხრიდან უკრაინისთვის იარაღის მიწოდებას საკამათო უწოდა და აღნიშნა, რომ ეს ომის ესკალაციის რისკს შეიცავს. 

"მორალურ საკითხს რომ თავი დავანებოთ, მას არ ესმის, რომ თუ უკრაინას არ აწვდიან თავდაცვით იარაღს, ეს ნიშნავს იმას, რომ საქართველოსაც დიდი ალბათობით არ მიაწვდიან. თუ უკრაინას არ აქვს უფლება, რომ დაიცვას თავი, ე.ი. საქართველოსაც არ აქვს. ჩვენ გვყავს პარლამენტის თავმჯდომარე, რომელიც სათაურს აძლევს საერთაშორისო მედიას, რომ არ შეიძლება რუსეთის ხელმძღვანელობის სრული იზოლაცია. ჩვენ გვყავს სახელმწიფო მინისტრი პაატა ზაქარეიშვილი, რომელსაც წარმატებად მიაჩნია ის, რომ რუსეთმა გადადგა დიდი ნაბიჯი ოკუპირებული აფხაზეთის ანექსიისკენ, და ჩვენ გვყავს მთლიანად ივანიშვილის მარიონეტული რეჟიმი, რომელიც საქართველოს ზურგსუკან აწარმოებს მოლაპარაკებას რკინიგზის გახსნაზე რუსეთთან. მაშინ როცა, მთელი თავისუფალი სამყარო ცდილობს, რომ ნაკლებად იყოს დამოკიდებული ეკონომიკურად რუსეთზე, ჩვენი მთავრობა, პირიქით, ცდილობს, რომ უფრო მეტად გახადოს საქართველო დამოკიდებული ოკუპანტ სახელმწიფოზე. საერთო ჯამში, ჩვენ გვყავს ოლიგარქ ივანიშვილის მართული მთავრობა, რომელიც ჩვენი ეროვნული ინტერესების საწინააღმდეგოდ მოქმედებს", - განაცხადა ბოკერიამ და აღნიშნა, რომ რუსუთი არის საფრთხე ჩვენი სახელმწიფოს არსებობისთვის და თავისუფლებისთვის.

"ყველა ნაბიჯი, რომელიც გვხდის დამოკიდებულს რუსეთზე უფრო მეტად, არის ჩვენი ეროვნული ინტერესების წინააღმდეგ გადადგმული ნაბიჯი. ყველა სფეროში ივანიშვილის რეჟიმმა ამ ორი წლის განმავლობაში თითქმის ყველაფერი გააკეთა, რომ გამძაფრებულიყო და დამძიმებულიყო ვითარება ამ თვალსაზრისით. საერთო ეკონომიკური სტაგნაციის, სამუშაო ადგილების კლების, ლარის კურსის ვარდნის, ქვეყნის ეკონომიკურ ჩიხში შეყვანის პარალელურად, ჩვენ ვართ უფრო ბევრად დამოკიდებული რუსეთზე, ვიდრე ვიყავით წლების წინაც კი, თავი რომ დავანებოთ ორი წლის წინანდელ ვითარებას. ეს არის სწორედ ჩვენი ეროვნული ინტერესების წინააღმდეგ გადადგმული ნაბიჯი", - განაცხადა ბოკერიამ და აფხაზეთის რკინიგზის აღდგენის თეორიულ შესაძლებლობაზე ისაუბრა.

"ეს მხოლოდ მაშინ შეიძლება იყოს საქართველოს ინტერესებში, თუ ამის პარალელურად, ხდება უსაფრთხოების საკითხის გადაჭრა, ანუ აფხაზეთის დეოკუპაციის დაწყება, საერთაშორისო ფორმატის განლაგება და დევნილების დაბრუნება, სწორედ ეს გახლდათ ჩვენი აბსოლუტურად ღია შეთავაზება რუსეთის მიმართ, რომელიც სამწუხაროდ, როგორც ყველამ იცით, უარყოფილ იქნა", - თქვა ენმ-ის საგარეო ურთიერთობათა მდივანმა.

კომენტარები