აფხაზეთის კონფლიქტი

ზაქარეიშვილი: რკინიგზის გახსნა პრობლემა არაა, თუ ჩვენს ინტერესებს დაიცავენ

პაატა ზაქარეიშვილი
people.ge

ვერანაირ პრობლემას ვერ ვხედავთ რკინიგზის გახსნაში, თუ გათვალისწინებული იქნება საქართველოს სახელმწიფო ინტერესები - ამის შესახებ შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრმა პაატა ზაქარეიშვილმა, სოხუმსა და თბილისს შორის სარკინიგზო მიმოსვლის შესაძლო აღდგენის თემაზე კომენტირებისას განაცხადა.

ზაქარეიშვილის თქმით რკინიგზის აღდგენის თემაზე მოლაპარაკებები  სააკაშვილის და შევარდნაძის პრეზიდენტობის დროსას მიმდინარეობდა და თუ საქართველოს ინტერესები გათვალისწინებული იქნება, ხელისუფლება არაა წინააღმდეგი სოხუმსა და თბილისს შორის სარკინიგზო მიმოსვლა აღდგეს.

„ბატონმა სურკოვმა გააკეთა განცხადება, რომ საქართველო რკინიგზის გახსნის წინააღმდეგ არასდროს ყოფილა და მე მას ვეთანხმები. არასდროს - აქ ალბათ იგულისხმება დიდი ხანი და არა ორი წელიწადი. მას ალბათ არ უგულისხმია ქართული ოცნების მთავრობაში მოსვლა. თამამად შემიძლია ვთქვა, რომ როგორც შევარდნაძე ისე სააკაშვილი რკინიგზის გახსნაზე მოლაპარაკებებს აწარმოებდა“ - განაცხადა ზაქარეიშვილმა.

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის თამარ ბერუჩაშვილის განცხადებით კი ამ თემაზე არანაირი მოლაპარაკება არ მიმდინარეობს. მისი თქმით ნებისმიერი პროექტი მხოლოდ იმ შემთხვევაში იქნება განხილული, თუ ის საქართველოს სახელმწიფო ინტერესებს ემსახურება.

კომენტარები