ალასანიას ინტერვიუ Forbes Georgia-სთან

ირაკლი ალასანია ბიძინა ივანიშვილს სულმოკლე ადამიანს უწოდებს

Forbes Georgia

თავდაცვის ყოფილი მინისტრი ირაკლი ალასანია Forbes Georgia-სთან ინტერვიუში ბიძინა ივანიშვილს სულმოკლე ადამიანს უწოდებს. ასევე ალასანიას მოსაზრებით, იმის გამო, რომ დღეს ქვეყანას ინსტიტუციები არ მართავს და ერთი ადამიანის ნებაზეა დამოკიდებული სახელმწიფოებრიობის საკითხის გადაწყვეტა, ყველანაირი გადაწყვეტილების მიღება იჭიმება. მისი თქმით, ამის დამადასტურებელი ბიძინა ივანიშვილის მიერ იმ დეტალების ცოდნაა, რაზეც პროკურატურაც კი არ საუბრობს ასე ღრმად. 

"დღეს, სამწუხაროდ, იმის გამო, რომ ქვეყანას არ მართავს ინსტიტუციები და დღეს ერთი ადამიანის ნებაზეა დამოკიდებული სახელმწიფოებრიობის საკითხის გადაწყვეტა, ამიტომ იჭიმება ყველანაირი და ყველა სახის გადაწყვეტილებები. ის, რასაც სჭირდება 5 წუთი, თუნდაც 1 დღე, ეს იჭიმება 2 თვე. ძალიან ნათლად გამოჩნდა ბოლო მოვლენების განვითარებაში, რამდენად ჩახედული არის თუნდაც ბიძინა ივანიშვილი იმ დეტალებში, რაზეც პროკურატურაც კი არ საუბრობს ასე ღრმად. ეს კიდევ ერთი საბუთია იმის, რომ ქვეყანას ერთი კაცის ნება და არა ინსტიტუტები და კანონები მართავს. როდესაც არ არის ხელისუფლებაში გადაწყვეტილების მიმღები პირი - პრემიერმინისტრი; როდესაც მას აქვს ვალდებულება იმის, რომ ყველა საკითხი შეათანხმოს კონკრეტულ ადამიანთან, ეს ქმნის ვაკუუმს. ეს, რა თქმა უნდა, ჩვენი ქვეყნისთვის არის დამაზიანებელი", - აღნიშნავს ალასანია.

"რაც შეეხება იმ ინციდენტს, ეს, რა თქმა უნდა, არავისთვის და მათ შორის, პირველ რიგში, ივანიშვილისთვის არ იყო ღირსების შემძენი. ჩემი აზრით, ასეთი მეთოდებით მოწინააღმდეგეზე, კონკურენტზე ან თუნდაც იმ ადამიანზე, ვინც ძალიან არ გიყვარს, საუბარი და მედიაში ამ საკითხის აგორება, ჩემი აზრით, არის ყველაზე სულმოკლე ადამიანის ნაბიჯი", - თქვა ალასანიამ.

კომენტარები