აფხაზეთის ანექსია

საგარეო უწყება: ე.წ. ხელშეკრულება ნათლად ადასტურებს რუსეთის შორსმიმავალ გეგმებს

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს შეფასებით, "საქართველოს მთავრობის მიერ რუსეთთან ურთიერთობების დეესკალაციის მიზნით მიღებული კონსტრუქციული ზომების მიუხედავად, მოსკოვი აგრძელებს საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის წინააღმდეგ მიმართულ პროვოკაციულ პოლიტიკას". საგარეო უწყება რუსეთსა და ოკუპირებულ აფხაზეთს შორის სოჭში გაფორმებულ ე.წ. ხელშეკრულებასთან დაკავშირებით, განცხადებას ავრცელებს და აღნიშნავს, რომ "რეგიონში უკანასკნელ პერიოდში განვითარებული მოვლენების ფონზე, ასეთი დოკუმენტის ხელმოწერა ნათლად ადასტურებს რუსეთის შორსმიმავალ გეგმებს და სუვერენული სახელმწიფოების მიერ არჩეული პროდასავლური კურსის შეფერხების მცდელობას, მათ შორის ოკუპაციისა და ანექსიის გზით". 

საგარეო საქმეთა სამინისტროს შეფასებით, "რუსეთის ეს ქმედება სრულად ეწინააღმდეგება საერთაშორისო სამართლით დადგენილ დღის წესრიგს". უწყების განცხადებით, ე.წ. დოკუმენტის ხელმოწერა ძირს უთხრის საერთაშორისო სამართლის ისეთ ფუნდამენტურ პრინციპებს, როგორებიცაა შიდა საქმეებში ჩაურევლობა, ძალის გამოყენებასა და ძალის გამოყენების მუქარაზე უარის თქმა, სახელმწიფოს სუვერენიტეტი, საზღვრების ურღვევობა, ტერიტორიული მთლიანობა და საერთაშორისო სამართლით ნაკისრი ვალდებულებების კეთილსინდისიერად შესრულება. საგარეო უწყება აღნიშნავს, რომ ე.წ. დოკუმენტის ხელმოწერა მიმართულია საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის წინააღმდეგ და წარმოადგენს ოკუპირებული აფხაზეთის რეგიონის ანექსიისაკენ გადადგმულ მორიგ ნაბიჯს. 

"ე.წ. დოკუმენტი რუსეთის ფედერაციასთან ხარისხობრივად უფრო ღრმა ინტეგრაციაზე საუბრობს და მოიაზრებს აფხაზეთის რეგიონის შერწყმას რუსეთის სამხედრო, ეკონომიკურ, სოციალურ და სამართლებრივ სივრცეში. დოკუმენტი ითვალისწინებს „ერთიანი უსაფრთხოებისა და თავდაცვის სივრცის" და სამხედრო ძალების გაერთიანებული დაჯგუფების შექმნას. დოკუმენტის მიხედვით, მოსკოვი იღებს ვალდებულებას, უზრუნველყოს სოხუმის საოკუპაციო რეჟიმის თანამედროვე სამხედრო ტექნიკით აღჭურვა. დოკუმენტის შედეგად მოხდება აფხაზეთის მონაკვეთზე საქართველო-რუსეთის სახელმწიფო საზღვრის ფაქტობრივი გაუქმება და საოკუპაციო ხაზის გამაგრება. დოკუმენტი გულისხმობს ე.წ. აფხაზეთის კანონმდებლობის დაახლოებას რუსეთის ფედერაციისა და ევრაზიული ეკონომიკური კავშირის სტანდარტებთან, რაც აფხაზეთის ევრაზიულ ეკონომიკურ კავშირში გაწევრიანების წინაპირობას ქმნის. ნიშანდობლივია, რომ რუსეთი იღებს ვალდებულებას, ხელი შეუწყოს ე.წ. აფხაზეთის დამოუკიდებლობის საერთაშორისო აღიარებასა და საერთაშორისო ორგანიზაციებში, უპირველესად რუსეთის ინიციატივით შექმნილ სტრუქტურებში გაწევრიანებას. აფხაზეთი არის საქართველოს განუყოფელი ნაწილი, ის არ წარმოადგენს დამოუკიდებელი საერთაშორისო სამართლის სუბიექტს და შესაბამისად, ნებისმიერი სახის მცდელობა, დაიდოს მასთან „შეთანხება", წარმოადგენს საერთაშორისო სამართლის უხეშ დარღვევას და არის უკანონო აქტი, რომელიც არ წარმოშობს რაიმე სამართლებრივ შედეგებს", - აცხადებს საგარეო საქმეთა სამინისტრო და "ღრმა შეშფოთებას გამოთქვამს რუსეთის ფედერაციის მხრიდან ამგვარი უკანონო ქმედების გამო".

საგარეო უწყება აღნიშნავს, რომ საქართველოს მთავრობის მოწოდებების მიუხედავად, დოკუმენტის გაფორმებით რუსეთი აგრძელებს საერთაშორისოდ აღებული ვალდებულებების, მათ შორის, 2008 წლის 12 აგვისტოს ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების დარღვევას.

"აღნიშნული განსაკუთრებულ შეშფოთებას იწვევს ოკუპირებულ რეგიონებში საერთაშორისო მექანიზმების არარსებობისა და რუსეთის ფედერაციის მხრიდან ძალის გამოუყენებლობის ვალდებულების აღებაზე უარის თქმის გათვალისწინებით. საქართველოს მთავრობა იყენებს მის ხელთ არსებულ  ყველა რესურსს, რათა საერთაშორისო თანამეგობრობა მუდმივად ინფორმირებული იყოს რუსეთის უკანონო ქმედებების შესახებ. საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო გმობს რუსეთის ფედერაციის მიერ სოხუმის საოკუპაციო რეჟიმთან ე.წ. „ხელშეკრულების" ხელმოწერას. სამინისტრო მოუწოდებს საერთაშორისო თანამეგობრობას, შესაბამისი სამართლებრივი და პოლიტიკური შეფასება მისცენ რუსეთის ამ ქმედებას და სათანადო ზეწოლა განახორციელონ რუსეთზე. საერთაშორისო თანამეგობრობის მტკიცე და ერთსულოვანი მხარდაჭერა გადამწყვეტი იქნება რუსეთის დესტრუქციული ქმედებების აღსაკვეთად", - ნათქვამია სამინისტროს განცხადებაში.

კომენტარები