ფარული მოსმენები

პარლამენტი ეკა ბესელიასა და ვახტანგ ხმალაძის კანონპროექტებს განიხილავს

საქართველოს პარლამენტი
RFE/RL

პარლამენტი ფარული მიყურადების კანონში შესატან ცვლილებებზე მსჯელობს. დეპუტატები ჯერ კიდევ ეკა ბესელიას, გედევან ფოფხაძისა და ირაკლი სესიაშვილის პროექტს განიხილავენ. ამ ვარიანტის განხილვის შემდეგ კი კანონპროექტს იურიდიული კომიტეტის თავმჯდომარე ვახტანგ ხმალაძე წარადგენს.

მოხსენებისას ეკა ბესელიამ თქვა, რომ თუ პარლამენტი ჩათვლის, რომ ინსპექტორს ფარული მიყურადების მეორე საკონტროლო გასაღები არ უნდა ჰქონდეს, ის ამ ვარიანტის განსახილველად მზად არის. 

დღეს პარლამენტში არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებიც მივიდნენ. მათ მაისურები წარწერით - ეს შენ გეხება - ეცვათ.

ბესელიას პროექტის მიხედვით, ერთი გასაღები შინაგან საქმეთა სამინისტროს რჩება, მეორე კი მონაცემთა დაცვის ინსპექტორს. ვახტანგ ხმალაძე კი ფარული მოსმენის გასაღების კომუნიკაციების მარეგულირებელი კომუნიკაციებისთვის გადაცემას ითხოვს. ცნობილია, რომ ქართული ოცნების წევრები მხარს ბესელია-ფოფხაძე-სესიაშვილის კანონპროექტს დაუჭერენ. ნაციონალური მოძრაობა კი მოსმენების ე.წ. გასაღების შსს-სთვის ჩამორთმევას ემხრობა. ამავე პოზიციას იზიარებენ რესპუბლიკელები და თავისუფალი დემოკრატებიც.

პარლამენტმა ფარული მიყურადების შესახებ კანონი 1 დეკემბრამდე უნდა მიიღოს. პრეზიდენტმა კანონპროექტის მომზადების 2015 წლის თებერვლამდე გადავადებას ვეტო 31 ოქტომბერს დაადო. 

კომენტარები