აგვისტოს ომის გამოძიება

მჟავანაძე: აგვისტოს ომის საქმეს ჩვენი და თავისუფალი თაობის მასალები დაურთეს

ორგანიზაცია უფლებადამცველთა გაერთიანების თავმჯდომარის ნიკოლოზ მჟავანაძის ინფორმაციით, საქართველოს მთავარმა პროკურატურამ საქართველო-რუსეთის ომთან დაკავშირებით, 407-ე (გენოციდი) და 411-ე (საერთაშორისო ჰუმანიტარული სამართლის განზრახ დარღვევა შეიარაღებული კონფლიქტის დროს) მუხლებით დაწყებულ გამოძიებას, საქმის ერთ-ერთ მასალად არასამთავრობო ორგანიზაციების - უფლებადამცველთა გაერთიანების, თავისუფალი თაობის და ახალგაზრდული ცენტრის ერთობლივი განცხადება და მასალები დაურთო. პრესკონფერენციაზე მჟავანაძესთან ერთად თავისუფალი თაობის წარმომადგენელი ლადო სადღობელაშვილიც იმყოფებოდა. ამ ინფორმაციის გადასამოწმებლად ტაბულა პროკურატურას დაუკავშირდა. უწყება აღნიშნულის გარკვევას დაგვპირდა.

აღსანიშნავია, რომ ორგანიზაციების წარმომადგენლებმა პროკურატურას ერთი თვის წინ მიხეილ სააკაშვილის წინააღმდეგ 308-ე და 309-ე მუხლებით გამოძიების დაწყება სთხოვეს. აღნიშნული მუხლები ქვეყნის ღალატს და სხვა სახელმწიფოსთვის საკუთარი ტერიტორიების შეგნებულად გადაცემას გულისხმობს.

მჟავანაძის ცნობით, პროკურატურის მხრიდან აღნიშნულ მუხლებზე გამოძიება არ დაწყებულა, თუმცა, განცხადება და ის მასალები, რომელთა შესწავლასაც უფლებადამცველები პროკურატურას სთხოვდნენ, საქმეს დაერთო.

"მიხეილ სააკაშვილმა შეგნებულად მოახდინა ომის პროვოცირება და ტერიტორიების დათმობა, ვითხოვდით, რომ ამ ფაქტებთან მიმართებაში გამოძიება დაწყებულიყო. პროკურატურიდან გუშინ მოგვივიდა წერილი, რომ დაწყებულია უკვე გამოძიება 407-ე და 411-ე მუხლებით (კონფლიქტის დროს საერთაშორისო ჰუმანიტარული სამართლის ნორმების დაღვევა და მაროდიორობა შეიარაღებული კონფლიქტის დროს). ამ საქმეს დაერთო განცხადება, რომელიც ჩვენ შევიტანეთ. ჩვენ ვთხოვეთ პროკურატურას, საქმეს მასალებად დაერთოს შეიარაღებული ძალების ყოფილი ხელმძღვანელი პირების ჩვენებები, რომელიც მათ საპარლამენტო კომისიას მისცეს. შეიარაღებული ძალების ხელმძღვანელი პირების ნაცვლად, კონფლიქტის დროს ჯარს გიგი უგულავა, ნიკა რურუა და სხვა სამოქალაქო პირები ხელმძღვანელობდნენ", - თქვა ნიკოლოზ მჟავანაძემ.

კომენტარები