რკინიგზელების გაფიცვა

საქართველოს რკინიგზა: არ არსებობს ტექნიკური პერსონალის ჩანაცვლების საჭიროება

საქართველოს რკინიგზის განცხადებით, "ძალიან სამწუხაროა, რომ ახალი პროფკავშირის  ხელმძღვანელობა რკინიგზელებისა და საზოგადოების შეცდომაში შეყვანისა და დამახინჯებული ინფორმაციის ტირაჟირების გზით ცდილობს, მცირერიცხოვანი გაფიცვისთვის აქტუალურობის შეძენას". როგორც გავრცელებულ განცხადებაში წერია, საქართველოს რკინიგზაში გაფიცვის მცირე მასშტაბიდან გამომდინარე, "პრაქტიკულად არ არსებობს  ტექნიკური პერსონალის ჩანაცვლების საჭიროება".

„ახალი პროფკავშირები ცდილობს წარმოჩენას, თითქოს გაფიცული მემანქანეებისა და სხვა ტექპერსონალის ჩანაცვლება ხდება არაკვალიფიციური კადრებით -კიდევ ერთხელ ვაფიქსირებთ, რომ რკინიგზელების უმრავლესობა არ უერთდება გაფიცვას და, შესაბამისად, ჩვეულ რეჟიმში მუშაობენ თავიანთ სამუშაო ადგილებზე. ახალი პროფკავშირის მხრიდან ხორციელდება ზეწოლა არაგაფიცულ რკინიგზელებზე პირადი მუქარებისა და დაშინებების გზით. რკინიგზის მენეჯმენტმა უკვე გაუგზავნა ახალ პროფკავშირს ოფიციალური შეტყობინება ამ თემაზე - მსგავსი ტიპის ქმედებებისგან თავის შეკავებისა და გაფიცვის კანონიერების ფარგლებში მოქცევის მოწოდებით. ახალი პროფკავშირები ავრცელებს ინფორმაციას, თითქოსდა გაფიცვას შედეგად მოჰყვა სარკინიგზო შემთხვევები - მათ მიერ მოყვანილი სამივე შემთხვევა არის მოძრაობის ინსტრუქციის დარღვევა, რომლის მსგავსი სტატისტიკურად წელიწადში რამდენიმეჯერ ხდება და სისტემას გააჩნია მსგავსი ხარვეზების პრევენციისა და აღმოფხვრის მრავალსაფეხურიანი მექანიზმი. შესაბამისად, მსგავსი შემთხვევები არანაირად არ აისახება მგზავრების ან ტვირთების უსაფრთხოებაზე და წარმოადგენს შიდა მოკვლევისა და პროცედურების თემებს. ხოლო ამ თემებით სპეკულირება და გაფიცვაზე მიბმის სურვილი ახალი პროფკავშირის მხრიდან ჭიქაში ქარიშხლის ატეხვის და საქართველოს რკინიგზის დისკრედიტაციის მცდელობას წარმოადგენს", - აცხადებს საქართველოს რკინიგზა და "კიდევ ერთხელ აფიქსირებს თავის მზაობას, კონსტრუქციული დიალოგის გზით იმსჯელოს და გადაწყვიტოს ყველა საკითხი". ასევე, "განაგრძობს ჩვეულ რიტმში მუშაობას ყოველგვარი შეფერხების გარეშე, როგორც სამგზავრო, ისე სატვირთო შემადგენლობების მიმართულებით".

ცნობისთვის, საქართველოს რკინიგზაში გაფიცვა გრძელდება. გაფიცულებს დღეს აქციაზე სტუდენტები, ახალგაზრდული სხვადასხვა პროფესიული პროფკავშირების წარმომადგენლები და კაზრეთიდან ჩამოსული საბადოს მუშები შეუერთდნენ. გაფიცულები ახალ სახელფასო სისტემას, პრემიებსა და მეცამეტე ხელფასს ითხოვენ. რკინიგზელთა ახალი პროფკავშირების განცხადებით, ადმინისტრაციის წარმომადგენლები თანამშრომლებზე ზეწოლას ახორციელებენ. 

კომენტარები