ღარიბაშვილის ოპ-ედი THE WALL STREET JOURNAL-ში

ღარიბაშვილი: საქართველოს გზა ევროპული ინტეგრაციისკენ მტკიცე და შეუქცევადია

ირაკლი ღარიბაშვილი
facebook.com/GaribashviliOfficial

"საქართველო დასავლეთის გზაზე რჩება", - ამ სათაურით Wall Street Journal-ში ირაკლი ღარიბაშვილის ოპ-ედი გამოქვეყნდა.

პრემიერი წერილში ამტკიცებს, რომ საქართველოს გზა ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციისკენ მტკიცე და შეუქცევადია. მისი შეფასებით, ირაკლი ალასანიამ თამამი, თუმცა სარისკო ნაბიჯი გადადგა, როდესაც აღნიშნა, რომ საქართველო რუსეთისკენ შებრუნების რისკის წინაშე დგას.

ღარიბაშვილის აზრით, ეს არგუმენტი უსაფუძვლოა და მხოლოდ იმას აჩვენებს, თუ რა ფუნდამენტურია საქართველოს ევროატლანტიკური არჩევანი ქართული ეროვნული იდენტობისთვის, რადგან ყველა პოლიტიკური ფიგურა და პარტია ცდილობს, ყველაზე მეტად პროდასავლური კურსი ეჭიროს.

ღარიბაშვილის მტკიცებით, მისთვის ახალი არ არის ოპოზიციური პარტიების ტაქტიკა, რომ უცხოელთა მგრძნობელობა გარკვეული თემებისადმი შიდა პოლიტიკური მიზნებისთვის გამოიყენონ.

პრემიერი ამტკიცებს, რომ მისმა მთავრობამ თავისუფალი დემოკრატია შექმნა და კრიტიკას მიესალმება. თუმცა, თუ კრიტიკა ფაქტებით არ არის გამყარებული, ის სახიფათო შეიძლება იყოს.

ღარიბაშვილი წერილში ხაზს უსვამს, რომ მისი მთავრობა არ დაუშვებს ქვეყანაში შერჩევით სამართალს და პროკურატურის მიკერძოებულობას. თუმცა, არც იმას დაუშვებს, რომ პანიკის თესვამ ქვეყნის ევროპულ ინტეგრაციას შეუშალოს ხელი. სწორედ ამიტომ, პრემიერი აფრთხილებს მკითხველს, მოსაზრებები ფაქტებად არ მიიღონ.

კომენტარები