ალასანიას ვიზიტი ამერიკაში

ალასანია: როგორც კი საქართველო შეასუსტებს სვლას ევროპისკენ, რუსეთი გადაყლაპავს

თავისუფალი დემოკრატების ინფორმაციით, პარტიის ლიდერი ირაკლი ალასანია ამერიკის შეერთებულ შტატებში მაღალი დონის შეხვედრებს განაგრძობს. ალასანია დღეს ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტში იმყოფებოდა, მოგვიანებით კი თეთრ სახლში, ეროვნული უშიშროების საბჭოში ჰქონდა შეხვედრა. მან ასევე შეხვედრები გამართა ანალიტიკური ცენტრების ხელმძღვანელებთან და ანალიტიკოსებთან.

პარტიის ცნობით, ამერიკელ პარტნიორებს ირაკლი ალასანიამ მიაწოდა ინფორმაცია საქართველოში ბოლო დროს მიმდინარე პოლიტიკურ მოვლენებთან დაკავშირებით. შეხვედრებზე ასევე ისაუბრეს უსაფრთხოების საკითხებზე და რეგიონში არსებულ სიტუაციაზე.

"ამ საფრთხეებს მეტ-ნაკლები სიმწვავით აღიქვამს სხვადასხვა წარმომადგენელი, მაგრამ მთავარი არის ის, რომ საქართველო როგორც კი შეასუსტებს სვლას ევროპისკენ, რუსეთის ფედერაცია თავისი აგრესიული ნაბიჯებით გადაყლაპავს საქართველოს და არ მისცემს დამოუკიდებლად განვითარების შესაძლებლობას. ამის თავიდან ასაცილებლად არის საჭირო სწორედ, რომ ყველა ის გეგმა, რომელიც იყო შეთანხმებული NATO-ს და საქართველოს შორის, ზედმიწევნით განხორციელდეს და ეს არის თავდაცვის გარანტია, რომელიც ახლა აქვს ჩვენს ქვეყანას.

ამასთანავე, მე მაქსიმალურად ობიექტურად ავხსენი, როგორ მოხდა ის, რომ მთავრობაში სამმა მინისტრმა, რომელებიც ყველაზე მნიშვნელოვან საკითხებზე იყვნენ ორიენტირებული და საგარეო პოლიტიკური უსაფრთხოების კუთხით მუშაობდნენ, დატოვეს პოსტები და კოალიციაც.

ამ ფონზე, კიდევ უფრო სწრაფად უნდა განხორციელდეს ის შეთანხმება, რაც უკვე გვაქვს მიღწეული ორმხრივად თავდაცვითი შესაძლებლობების გაზრდაზე და NATO-ს გაძლიერებული თანამშრომლობის პაკეტი, რომელიც უელსში მივიღეთ. მთავარია, რომ საქართველომ არ გადაუხვია ევროატლანტიკური კურსიდან, თუმცა, გაჩნდა საფრთხე იმისა, რომ დროში გაიწელოს ჩვენი ინტეგრაციის პროცესი. სწორედ ამიტომ ამ საკითხებს ერთობლივად უნდა მივხედოთ", - თქვა ალასანიამ.

კომენტარები