კანონი ფარული მოსმენების შესახებ

ხმალაძე: ვინც უსაფრთხოებას აძლევს უპირატესობას, თავისუფლებას არ იმსახურებს

„ის, ვინც უსაფრთხოებას აძლევს უპირატესობას და არა თავისუფლებას, არც უსაფრთხოებას იმსახურებს და არც თავისუფლებას", - განუცხადა ჟურნალისტებს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ვახტანგ ხმალაძემ ფარული მოსმენების შესახებ კანონპროექტზე კენჭისყრების დასრულების შემდეგ.

უკანონო მოსმენებთან დაკავშირებით დღეს იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის მიერ მომზადებული კანონპროექტების პაკეტი ჩავარდა. მის წინააღმდეგ ხმა 71 დეპუტატმა მისცა, 61-მა კი მხარი დაუჭირა. პარლამენტმა პირველი მოსმენით ბესელია-ფოფოხაძე-სესიაშვილის პროექტი მიიღო.

ბესელია-ფოფხაძე-სესიაშვილის პროექტის მიხედვით, ერთი გასაღები შინაგან საქმეთა სამინისტროს რჩება, მეორე კი მონაცემთა დაცვის ინსპექტორს. ვახტანგ ხმალაძე კი ფარული მოსმენის გასაღების კომუნიკაციების მარეგულირებელი კომისიისთვის გადაცემას ითხოვდა. ნაციონალური მოძრაობა, რესპუბლიკელები და თავისუფალი დემოკრატები მხარს ხმალაძის კანონპროექტს უჭერდნენ.

პარლამენტმა ფარული მიყურადების შესახებ კანონი 1 დეკემბრამდე უნდა მიიღოს. პრეზიდენტმა კანონპროექტის მომზადების 2015 წლის თებერვლამდე გადავადებას ვეტო 31 ოქტომბერს დაადო.

კომენტარები