სანდრო გირგვლიანის საქმე

პრემიერი: სასიხარულოა, რომ პროკურატურამ გამოიძია გირგვლიანის საქმე

საქართველოს პრემიერმინისტრის ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, "ჩემთვის, როგორც რიგითი მოქალაქისთვის, ძალიან სასიხარულოა, რომ პროკურატურამ გამოიძია გირგვლიანის საქმე და მას საბოლოოდ წერტილი დაუსვა". როგორც პრემიერმა მთავრობის დღევანდელ სხდომაზე თქვა, "იმედია, რომ მართლმსაჯულება აღდგება და კიდევ ერთხელ იზეიმებს სამართლიანობა".

"ეს იყო ძალიან მძიმე მოვლენა, ჩვენი ქვეყნის სირცხვილი, რომელიც წინა ხელისუფლებამ ჩაიდინა. ეს კიდევ ერთი მანიშნებელია იმისა, რომ წინა ხელისუფლების დროს ადგილი ჰქონდა სისტემურ დანაშაულს, ისეთს, როგორიცაა ადამიანების წამება, ძალიან მძიმე დანაშაულები, მათ შორის - უკანონო ფარული მიყურადება, მასობრივი უკანონო მოსმენები", აღნიშნა ირაკლი ღარიბაშვილმა.

შეგახსენებთ, რომ გუშინ საქართველოს ყოფილ პრეზიდენტს მიხეილ სააკაშვილს სანდრო გირგვლიანის საქმეზე ბრალი წარედგინა. გამოძიება სააკაშვილს დანაშაულის დაფარვას, გამოძიების გაყალბებას, დანაშაულში ჩართული მაღალი თანამდებობის პირებისთვის ხელის დაფარებას და მათთვის პასუხისმგებლობის თავიდან არიდებას ედავება.

კომენტარები