მეთიუ ბრაიზა

ბრაიზა: რუსეთ-აფხაზეთის ე.წ. შეთანხმება რუსეთის ჰიბრიდული ომის ნაწილია

United States Mission Geneva

აშშ-ის სახელმწიფო მდივნის ყოფილმა თანაშემწემ მეთიუ ბრაიზამ რუსეთსა და აფხაზეთს შორის გაფორმებული მოკავშირეობისა და სტრატეგიული პარტნიორობის შეთანხმება შეაფასა. ტაბულასთან საუბარში ბრაიზამ აღნიშნა, რომ ე.წ. ხელშეკრულება ყურადსაღებია, რადგანაც რუსეთის ჰიბრიდული ომის ნაწილია.

"ე.წ. ხელშეკრულება აფხაზეთსა და რუსეთს შორის, რეალურად არცაა ხელშეკრულება, რადგან აფხაზეთს არავინ აღიარებს, როგორც ქვეყანას ნიკარაგუის, ვანუატუს და კიდევ რამდენიმე სახელმწიფოს გარდა. თუმცა ამ შეთანხმებას დასავლეთმა ნამდვილად უნდა მიაპყროს თავისი ყურადღება, რადგან ის რუსეთის ჰიბრიდული ომის პოლიტიკის კიდევ ერთი ნაბიჯია, რომელსაც ჩვენ უკრაინაში ვხედავთ. ეს პოლიტიკა კი გულისხმობს მის უახლოეს სამეზობლოში ტერიტორიების კონსოლიდაციას. ეს შეთანხმება იმის გაგრძელებაა, რაც რუსეთმა უკვე მოიმოქმედა საქართველოში, როდესაც 2008 წელს გადმოკვეთა საზღვარი და შედეგად სამხრეთ ოსეთი ჩამოაშორა საქართველოს", - აღნიშნა ბრაიზამ.

ბრაიზას თქმით, ე.წ. შეთანხმება აფხაზეთის ანექსიისკენ გადადგმული ნაბიჯია. შეთანხმების ყველაზე მნიშვნელოვანი პუნქტები კი საერთო შეიარაღებული ძალები და ეკონომიკაა.


"ამ შეთანხმებით რუსეთი ახდენს აფხაზეთის საქართველოსგან გამოყოფის კვაზილეგალიზებას, რაც ანექსიისკენ გადადგმული ნაბიჯია. შეთანხმების მნიშვნელოვანი კომპონენტები აფხაზეთის შეიარაღებული ძალების რუსეთის ძალებთან ინკორპორაციაა, ასევე აფხაზეთის თანამშრომლობა რუსეთის და ევრაზიის კავშირის ეკონომიკასთან, ვიდრე საქართველოსთან. ამ შეთანხმებით რუსეთმა უარი თქვა საქართველოს მთავრობის პოლიტიკაზე, რომელსაც ბოლო რამდენიმე წელია ატარებს. რაიმე რადიკალური, პროვოკაციული ზომების მიღების ნაცვლად, საქართველომ მშვიდობიანი დამოკიდებულება აირჩია, რათა უფრო მიმზიდველი გამხდარიყო აფხაზებისთვის და აფხაზებსაც არა ცალკე, არამედ გაერთიანებულ საქართველოში ცხოვრების სურვილი გასჩენოდათ", - განაცხადა ბრაიზამ.

კომენტარები