რუსული რუბლი

OPEC-ის გადაწყვეტილებას რუსული ვალუტის შემდგომი გაუფასურება მოჰყვა

Ilya Pitalev / RIA Novosti

რუსული რუბლი მორიგ ისტორიულ მინიმუმანდე დაეცა. დოლარის კურსმა მოსკოვის ბირჟაზე 49.11 რუბლი შეადგინა. ევროს კურსმა - 61.64. ამის მიზეზი ნავთობმომპოვებელი ქვეყნების ორგანიზაცია OPEC-ის გადაწყვეტილება გახდა იმის თაობაზე, რომ ნავთობის ფასების ვარდნის მიუხედავად, მოპოვებას არ შეამცირებენ. რუსეთის ეკონომიკა ზარალს განიცდის ასევე დასავლური სანქციებისგან, ქვეყნის 2015 წლის ბიუჯეტი კი, ერთ ბარელ ნავთობში 96 დოლარზეა გათვლილი.  

ამჟამად ბრენტის მარკის ნავთობის ფასი უკვე 73 დოლარამდეა დაცემული. ივნისიდან შავი ოქროს ფასმა 30%-ით დაიკლო. ამის მიუხედავად, ვენაში OPEC-ის შეხვედრაზე 12 ნავთობმომპოვებელი ქვეყანა შეთანხმდა, რომ მოპოვების არსებულ დონეს, დღეში 30 მილიონ ბარელს შეინარჩუნებენ. ეს რეჟიმი მომავალი წლის ივნისამდე შენარჩუნდება. გადაწყვეტილება ვენესუელამ გააპროტესტა. ქვეყნის პრეზიდენტმა ნიკოლას მადურომ განაცხადა, რომ სამართლიანი ფასისთვის ბრძოლას გააგრძელებს, რომელიც, მისი აზრით, ბარელში 100 დოლარს შეადგენს. 

კომენტარები