სამეფო სახლი

ზაქარეიშვილი: სამეფო სახლის მეთაურის ინიციატივა ხელს შეუწყობს ნდობის აღდგენას

Georgia Kingdom/Fb.com

შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი პაატა ზაქარეიშვილი მიესალმება ე.წ საქართველოს სამეფო სახლის ინიციატივას აფხაზური ოდის მშენებლობის შესახებ. სამინისტრო ნუგზარ ბაგრატიონ-გრუზინსკის წერილს უგზავნის და მას "საქართველოს სამეფო სახლის მეთაურს" უწოდებს. წერილის მიხედვით, "მიგვაჩნია, რომ თქვენი ინიციატივის განხორციელება ხელს შეუწყობს ქართველებსა და აფხაზებს შორის ნდობის აღდგენას". ამასთან, შერიგების და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატი საქართველოს სამეფო სახლს ურჩევს, ტაბახმელაში არსებული მიწის ნაკვეთის სიმბოლურ ფასად გადაცემისთვის დედაქალაქის მთავრობას მიმართონ. ცნობისთვის, სწორედ ტაბახმელაში სურთ აფხაზური ოდის აშენება "საქართველოს სამეფო სახლს" და "დედათა კომიტეტს". მინისტრის განცხადება ე.წ საქართველოს სამეფო სახლმა Facebook-ზე გამოაქვეყნა.

"ტაბახმელაში არსებული მიწის ნაკვეთი მიეკუთვნება ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ქონებას. თბილისის თვითმმართველი ერთეულის ქონების, მათ შორის სასოფლო-სამეურნეო ან არასასოფლო-სამერნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის პირდაპირი მიყიდვის ფორმით პრივატიზების საკითხზე ინიცირების თაობაზე გადაწყვეტილებას იღებს თბილისის მთავრობა. ქალაქ თბილისის თვითმმართველი ერთეულის ქონების პირდაპირი მიყიდვის თაობაზე ქალაქ თბილისის მთვრობასა და დაინტერესებულ მხარეს შორის დგება ხლშეკრულება, რომელიც ძალაში შედის საქართველოს პრეზიდენტის თანხმობით. ინიცირების თაობაზე მიღებული გადაწყვეტილება საქართველოს პრეზიდენტთან წარდგენის შუამდგომლობით განსახილველად ეგზავნება საქართველოს მთავრობას. მთავრობის მიერ კონკურენტული შერჩევის საფუძველზე ქალაქ თბილისის თვითმმართველი ერთეულის ქონების პირდაპირი მიყიდვის ფორმით პრივატიზების მიზანშეწონილად მიჩნევის შემდეგ, ხელშეკრულება წარედგინება საქართველოს პრეზიდენტს და ძალაში შედის მასთან შეთანხმების შემდეგ. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე ტაბახმელაში არსებული მიწის ნაკვეთის სიმბოლურ ფასად გადმოცემისთვის უნდა მიმართოთ თბილისის მთავრობას" - წერია პაატა ზაქარეიშვილის 17 ნოემბრით დათარიღებულ წერილში.

ამასთან, 17 ნოემბერსვე, თბილისის მერიამ უარყო გავრცელებული ინფორმაცია, რომ "ე.წ. სამეფო ოჯახს მიწის ნაკვეთი გამოუყო, რომელზეც ბაგრატიონ-ბაგრატიონების სასახლე უნდა აშენდეს". მერიის განცხადებით, "ამგვარი ინტერპრეტაციები და, ზოგადად, ზედმეტი აჟიოტაჟი ანა ბაგრატიონის თბილისის მერთან შეხვედრას მოჰყვა". უწყების ინფორმაციით, შეხვედრაზე, რომელიც თბილისის მერიაში გაიმართა, ანა ბაგრატიონმა და მისმა თანმხლებმა პირებმა წარმოადგინეს პროექტი ტაბახმელაში აფხაზური ოდის აშენების შესახებ და ითხოვეს პრემიერმინისტრთან შუამდგომლობა ტაბახმელაში სახელმწიფო საკუთრებაში არსებული მიწის ნაკვეთის არასამთავრობო ორგანიზაცია დედათა კომიტეტისთვის გადაცემასთან დაკავშირებით.

"მკაფიოდ ვაცხადებთ, რომ თბილისის მერიას არც აფხაზური ოდის და არც სამეფო სასახლის ასაშენებლად არავისთვის - არც იურიდიული და არც კერძო პირისთვის არანაირი მიწის ნაკვეთი არ გამოუყვია. მივმართავთ მედიას, ნუ გაავრცელებენ ცრუ და გადაუმოწმებელ ინფორმაციას და ყველა ინფორმაცია მერიის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურში გადაამოწმონ", - ნათქვამია განცხადებაში.

ცნობისთვის, 10 ნოემბერს დედაქალაქის მერი დავით ნარმანია ანა ბაგრატიონს შეხვდა. შეხვედრა თბილისის მერიაში, არასამთავრობო ორგანიზაცია დედათა კომიტეტის და "სამეფო ოჯახის" ინიციატივით შედგა. დედათა კომიტეტის დამფუძნებელი და თავმჯდომარე ქეთევან ადამია ნეტგაზეთთან საუბრისას ამბობს, რომ მერთან შეხვედრისას ორი პროექტი განიხილეს. მისი თქმით, ერთ-ერთია "აფხაზური ოდა". ამ პროექტისთვის დავით ნარმანიას თბილისის მერიის საკუთრებაში არსებული 2 ჰექტარი მიწის ნაკვეთის გადმოცემა სთხოვეს, რომელიც ტაბახმელაში მდებარობს. ქეთევან ადამიას განცხადებით, თბილისის მერია იმსჯელებს ამ საკითხზე და ისინი პასუხს დაელოდებიან.

კომენტარები