გაეროს უშიშროების საბჭო

კანდელაკი: მისიისთვის გაეროს უშიშროების საბჭოს სხდომის მოწვევა არ დაუვალებიათ

საპარლამენტო უმცირესობის წევრის გიორგი კანდელაკის ინფორმაციით, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს, დაპირების მიუხედავად, ჯერაც არ დაუვალებია გაეროში საქართველოს მისიისთვის, გაეროს უშიშროების საბჭოს სხდომის მოწვევისთვის შესაბამისი პროცედურების დაწყება. ცნობისთვის, საგარეო საქმეთა მინისტრის თამარ ბერუჩაშვილის განცხადებით, ოკუპირებულ აფხაზეთსა და რუსეთს შორის სოჭში ხელმოწერილი შეთანხმების გამო, ქართულმა მხარემ გაეროს უშიშროების საბჭოს სხდომის მოწვევა მოითხოვა და ამ მიზნით წერილები და ნოტები უკვე გაგზავნა.

"დღეის მდგომარეობით, ასეთი დავალება თბილისიდან არ წასულა. აუცილებელია, რომ საგარეო საქმეთა სამინისტრომ განმარტოს, თუ რატომ არ ავალებს მისიას უშიშროების საბჭოს სხდომის მოწვევას. სხვა ისეთი რა უნდა მოხდეს, რომ მოიწვიონ უშიშროების საბჭოს სხდომა? ამასთან, საგარეო საქმეთა სამინისტრომ უნდა განმარტოს, არის თუ არა სხდომის მოწვევის გაჭიანურება და არმოწვევა, მთავრობისა და პრემიერმინისტრის დავალება. ამ შემთხვევაში, ეს იქნება მთავრობის თვითლუსტრაცია, რომელიც ჩვენი ინტერესების საწინააღმდეგო საქმიანობას ეწევა. ამის დასტური იყო, გასულ კვირას, უმრავლესობის მიერ პარლამენტში რეზოლუციის ჩაგდება. იმ რეზოლუციისა, რომელიც აყალიბებდა კონკრეტულ ნაბიჯებსა და ქმედებებს, რაც უნდა გადაედგა მთავრობას, რათა წინ აღდგომოდა ანექსიის მიმდინარე პროცესს. მაგალითად, რეზოლუციის სამუშაო ვერსიაში შევიდა მოწოდება, რომ მთავრობას გაეწია შესაბამისი სამუშაო, რათა ნატოს მოკავშირეებთან თანამშრომლობის გზით, საქართველოს შეიარაღებულ ძალებს მიეღოთ თანამედროვე თავდაცვითი იარაღი. უმრავლესობა ამის წინააღმდეგაც წავიდა. ანუ უმრავლესობა წინააღმდეგია, რომ საქართველომ მიიღოს თანამედროვე თავდაცვითი  შეიარაღება", - განაცხადა კანდელაკმა.

კომენტარები