ლუკა კურტანიძის გადაყენება

კურტანიძე: ვინც თანამდებობებზე დავნიშნე, ათიათასობით პრემიებს იღებენ უამრავნი

facebook.com/luka.kurtanidze

ჭიდაობის ფედერაციის პოსტიდან გადაყენებას ლუკა კურტანიძე საკუთარ ფეისბუქის გვერდზე გამოეხმაურა:

"დამღალა! მაგრამ ვერ გამტეხა!! რადგან არიან მართალნი... რაოდენობით ცოტანი, მაგრამ არიან!... და მათთვის სიცოცხლის გაწირვაც ალალია, რადგან სამშობლოს რჩეულნი არიან!!! ქართველთა გაუტანლობამ, ცილისწამებამ და უმადურობამ! დათასი არ იყოს, ვისაც ვაჭამე, ჩავაცვი, დავახურე, თანამდებობებზე დავნიშნე და ამ შესაძლებლობებით, პირდაპირი გაგებით ათიათასობით პრემიებს იღებენ უამრავნი.. რაც ძალიან მიხარია, რადგან შრომა, როგორც არასდროს, დაუფასდათ და ეს ჩემი წარმატებაცაა.. მიხაროდა და ეს სიხარული დამცირების ტალღად მიქციეს! უანგაროდ, ეს ორი წელი ვემსახურე. როცა მათი პირობების სიკეთეზე ვმოგზაურობდი საქართველოს სხვადასხვა რეგიონებში, გზად დაღლილს მანქანაში უამრავჯერ ჩამძინებია... და ასევე ამ ხალხს, როგორც გმირებს, ისე მივმართავდი.. და რა? დამცირება, შეურაცხყოფა, გაუგონარი ლანძღვა... ისევ ამ ხალხისგან... რატომ? რისთვის?? მე ხო სიცოცხლის ფასად ვიბრძოდი თქვენი ღირსებისთვის? ნუთუ დამივიწყეთ? მე ხო არაფერს ვითხოვდი თქვენგან? და თუ ვითხოვდი და მოვითხოვდი დაუნდობელი ბრძოლით, ეს იყო მართალი საქართველო თქვენთვის.... ეს არ არის ის საქართველო...! მაპატიეთ ეს ჩემი ბოდვა... მაგრამ, ალბათ, ღირს დაფიქრება... ყველაზე დიდი თანამდებობა - მართალკაცობა! ეს საზომი კი ყველას თავისი აქვს!", - წერს კურტანიძე.

აღსანიშნავია, რომ კურტანიძის უფლებამოსილების შეჩერებას მხარი 33 დელეგატიდან 29-მ დაუჭირა, 4 კი წინააღმდეგ წავიდა.

მანამდე კურტანიძემ პრეზიდიუმს შესთავაზა საანგარიშო სხდომის 26 თებერვალს დანიშვნა, ხოლო მისი უფლებამოსილების ვიცეპრეზიდენტ ედიშერ მაჩაიძისთვის გადაბარება, მაგრამ დელეგატებმა ეს წინადადება უარყვეს. სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს განმარტებით, წესდება ვიცეპრეზიდენტისთვის უფლებამოსილების გადაბარებას საერთოდ არ ითვალისწინებს, ამიტომ ასეთი ვარიანტი გამორიცხულიც იყო. 

საარჩევნო-საანგარიშო ყრილობა 26 დეკემბერს გაიმართება, კანდიდატების დარეგისტრირება კი 5-დან 20 დეკემბრამდე მოხდება.

კომენტარები