საქართველოს ყოფილი მაღალჩინოსნები უკრაინის მთავრობაში

სააკაშვილი: უკრაინის ვიცეპრემიერობა საქართველოს მოქალაქეობას დამაკარგვინებდა

mikheil saakashvili official/facebook.com

მიხეილ სააკაშვილის თქმით ის უკრაინის ვიცეპრემიერის პოსტზე უარს საქართველოს მოქალაქეობის გამო იტყოდა, რადგან უკრაინის მოქალაქეობის მიღება ავტომატურად ნიშნავს საქართველოს მოქალაქეობის დაკარგვას.

ყოფილმა პრეზიდენტმა ამის შესახებ პრეზიდენტის ბიბლიოთეკაში პირდაპირ ეთერში ჩართვისას აღნიშნა.

“რომ მიიღო ოფიციალური თანამდებობა უკრაინის მთავრობაში, კონსტიტუციით ამისათვის უნდა მიიღო უკრაინის მოქალაქეობა. უკრაინის მოქალაქეობის მიღება ნიშნავს საქართველოს მოქალაქეობის ავტომატურად დაკარგვას, თუ მე ასეთ წინადადებას მივიღებდი… მე მადლობელი ვარ ყველანაირი შემოთავაზებისთვის და წინადადებისთვის, მაგრამ არსებობს კონკრეტული მოცემულობა, ყველას აქვს თავისი მისია ცხოვრებაში. ჩვენ საქართველოში არ დაგვიმთავრებია ჩვენი განვითარების, აღმშენებლობის ის ეტაპი რომელიც იყო. ბევრად მეტია გასაკეთებელი და ბევრი რაღაცაა გამოსასწორებელი, ბევრი დრო დავკარგეთ,” - აღნიშნა სააკაშვილმა.

გავრცელებულ ინფორმაციას უკრაინის ვიცეპრემიერად სააკაშვილის დანიშვნის შესახებ გამოეხმაურა საქართველოს საგარეო უწყება. საგარეო საქმეთა სამინისტროს სპიკერის დავით კერესელიძის თქმით, ყოფილი მთავრობის იმ წარმომადგენლების დანიშვნა უკრაინის მაღალ თანამდებობებზე, რომლებიც სხვადასხვა არ შექმნის პოზიტიურ ფონს ორი ქვეყნის ურთიერთობაში.

"ექსპრეზიდენტის და გნებავთ სხვა ყოფილი თანამდებობის პირის რომლებსაც ბრალი აქვთ წარდგენილი საქართველოში მძიმე დანაშაულებებისთვის, დანიშვნა მაღალ თანამდებობებზე არ შექმნის კარგ ფონს პოზიტივში, რომლისკენაც ჩვენ მივისწრაფით," - აღნიშნა კერესელიძემ.

სააკაშვილის უკრაინაში ვიცეპრემიერის პოსტზე შესაძლო დანიშვნის შესახებ ინფორმაცია უკრაინულმა საინფორმაციო სააგენტო KyivPost-მა გაავრცელა. სტატიაში ნათქვამია, რომ ქვეყანაში კვალიფიციური კადრების დეფიციტის გამო ხელისუფლება მთავრობაში სამუშაოდ უცხოელი სპეციალისტების მოწვევას გეგმავს.

უკრაინის დღევანდელი კანონმდებლობით მაღალ თანამდებობაზე უცხო ქვეყნის მოქალაქის დანიშვნა არ შეიძლება. ქვეყანაში არც ორმაგი მოქალაქეობაა დაშვებული. თუმცა, ინიციატივა საკანომდებლოცვლილების შესახებ, რომელიც საშუალებას მისცემს უკრაინის მთავრობას, უცხო ქვეყნის მოქალაქეები მაღალ თანამდებობებზე დანიშნოს, პრეზიდენტმა პეტრო პოროშენკომ 27 ნოემბერს, ახლადარჩეული რადას პირველ სხდომაზე გაახმაურა.

კომენტარები