საქართველო

საქართველო — გზასაცდენილი მატარებელი

გიგი უგულავა
0 კომენტარი

ევროსაბჭოს რეზოლუციის „საქართველოში დემოკრატიული ინსტიტუტების ფუნქციონირების შესახებ”

ეს სტატია რეზოლუციის მიღების დროს, როგორც იტყვიან, ცხელ კვალზე დავწერე. მასში შევეცადე ის საკითხები გამეშალა, რომლებიც მედიის თვალსაწიერში ნაკლებად მოექცა. სტატია მეგობრებს გადავუგზავნე შენიშვნებისთვის, შემდეგ კომუნიკაცია გაჭირდა. ახლა გადავიკითხე და აღმოვაჩინე, რომ ამ ორ თვეში ქვეყანამ გასაოცარი ეროზია განიცადა. გაფართოვდა პოლიტიკური დევნის არეალი. ივანიშვილი უკვე თავისივე კოალიციის წევრებს დაერია, „ხელის გადაგრეხით“ მიიღო ე.წ. მოსმენების კანონი. ერთი სიტყვით, რეზოლუციაში აღწერილი ყველა პრობლემა კიდევ უფრო მწვავე გახდა და ამიტომ აქტუალობა არ დაუკარგავს. გაღრმავდა ინსტიტუციური კონფლიქტი პრეზიდენტსა და მთავრობას შორის.

მართალია, ჩვენმა ქვეყანამ 2 წლის წინ არჩევნების გზით ხელისუფლების პირველი ცვლილებით დასავლური დემოკრატიის მიმართულებით მნიშვნელოვანი ნაბიჯი გადადგა, მაგრამ, საერთაშორისო თანამეგობრობის გადმოსახედიდან, პროცესი დასრულებულად არ ჩაითვლება მანამ, სანამ იმავე გზით კიდევ ერთი ხელისუფლება არ შეიცვლება. სწორედ ასეთია კონსოლიდირებული დემოკრატიის ჰანტინგტონისეული ტესტი.

სანამ არჩევნებით ხელისუფლების 2-ჯერ შეცვლა არ მომხდარა, აქ მიმდინარე პოლიტიკურ მოვლენებს გამადიდებელი შუშით დააკვირდებიან. ამ პერიოდში იმოქმედებს ხელისუფლების არადემოკრატიულობის ერთგვარი პრეზუმფცია - ადამიანის უფლებებთან ან პოლიტიკურ პლურალიზმთან დაკავშირებული ყოველგვარი ეჭვი მოქმედი მთავრობის წინააღმდეგ იქნება ინტერპრეტირებული, თუკი ის უტყუარი მტკიცებულებებით საპირისპიროს დამტკიცებას ვერ შეძლებს. ყველანი კარგად ვხედავთ, რომ ეს საქმე ივანიშვილის ხელისუფლებას მაინცდამაინც კარგად არ გამოსდის.

დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში არჩევნების გზით ხელისუფლების შეცვლის პირველი პრეცედენტის 2 წლის იუბილე ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ ქართული დემოკრატიის წინაშე მდგარი გამოწვევების შემაჯამებელი დოკუმენტით აღნიშნა. გადაჭარბების გარეშე შეიძლება ითქვას, რომ რეზოლუცია „საქართველოში დემოკრატიული ინსტიტუტების ფუნქციონირების შესახებ“, საერთაშორისო ორგანიზაციების მიერ ქართული ოცნების მმართველობის ყველაზე ადეკვატურ შეფასებას წარმოადგენს.

დოკუმენტის მნიშვნელობიდან გამომდინარე, ყოვლად უადგილოა ვიწროპარტიული ნიშნის მოგების ტონით საუბარი იმაზე, რომ არჩევნებში გამარჯვებიდან 2 წლის თავზე ქართული ოცნება უკეთეს საჩუქარს ვერც ინატრებდა. ყოველთვის უნდა გვახსოვდეს, რომ საქმე ეხება ყველა ჩვენგანის - ხელისუფლების, ოპოზიციის, რიგითი მოქალაქეების - საერთო სახელმწიფოს. მისი დასუსტება კი თითოეულს გვაყენებს ზიანს.

სამწუხაროდ, ამის გაგება უჭირთ ივანიშვილის ხელქვეითებს. მათი არაადეკვატურობიდან გამომდინარე, გასაკვირი არაა, რომ მთელი ისტორიის განმავლობაში საქართველოს შესახებ ყველაზე კრიტიკულ რეზოლუციას რამდენიმე გამონაკლისის გარდა ხელისუფლება ან პოზიტიურად აფასებს, ან მისი მნიშვნელობის ნიველირებას ცდილობს. უცნაური მხოლოდ ისაა, თუ რატომ ებრძოდა ასე გააფთრებით ამ პოზიტიურ თუ უმნიშვნელო დოკუმენტს ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეაში ქართული ოცნების მთელი წარმომადგენლობა.

ჩვენ უკვე დიდი ხანია მივეჩვიეთ ნარცისისტული ტრიუმფალიზმით შეპყრობილი მთავრობის გაუთავებელ ბაქიბუქს იმის შესახებ, რომ ნაციონალურ მოძრაობას არც ქვეყნის შიგნით და არც გარეთ მხარდაჭერა აღარ აქვს. წესით, ივანიშვილის ხელისუფლებას ფაქტებმა ამ წარმოდგენების გადახედვისაკენ უნდა უბიძგონ, მაგრამ იგი იხტიბარს არ იტეხს და ყოველ ჩვენს საშინაო თუ საგარეო პოლიტიკურ წარმატებაზე დევნისა და დაპატიმრებების ახალი ტალღით გვპასუხობს ხოლმე. ალბათ არც ეს შემთხვევა იქნება გამონაკლისი.

სწორად შენიშნა აგრესიულად მორჩილი უმრავლესობის ერთ-ერთმა ლიდერმა საგანელიძემ, რომ ბოლო ორი წელია ხალხი გაღიმებული დადის. ჯერ კიდევ როდის თქვა ამ მთავრობის იდეურმა წინამორბედმა, ცხოვრება გახდა უკეთესი, ამხანაგებო, ცხოვრება გახდა უფრო მხიარული. ტბელი აბუსერისძის ქუჩის ახალმოსახლეები დახვეწილ იუმორს განსაკუთრებით ვაფასებთ და ვცდილობთ, საერთო მხიარულების ფერხულს არ ჩამოვრჩეთ.

თუმცა, ამ სიცილ-კისკისში სიფხიზლე არ უნდა მოვადუნოთ და მოვლენათა სახიფათო განვითარება ყურადღებიდან არ უნდა გამოგვრჩეს. სხვა სფეროებში მთავრობის მიერ გადადგმულ მცდარ ნაბიჯებს ადრე თუ გვიან მოევლება, მაგრამ საგარეო პოლიტიკის სფეროში დაშვებული შეცდომების გამოსწორებას შეიძლება თაობები დასჭირდეს. ამიტომ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისათვის, რომ უგუნურების, ამპარტავნების ან რაიმე უარესი მოტივის გამო ქვეყნის საერთაშორისო იზოლაციაში მოქცევა ვერ შეძლონ.

სწორედ ამიტომ, განსაკუთრებით საგანგაშოა ის რეაქცია, რაც ივანიშვილის ხელისუფლებას საერთაშორისო კრიტიკისადმი აქვს. 1998 წელს ევროსაბჭოში გაწევრიანების შემდეგ პირველად, საქართველოს ხელისუფლება ოფიციალურად აცხადებს, რომ საპარლამენტო ასამბლეის რეზოლუციის იგნორირებას აპირებს. ასეთი რამ თვით შევარდნაძესაც კი არ უთქვამს.

ვარდების რევოლუციამდელი სამართლიანობის აღდგენის რიტორიკის მიუხედავად, როგორც ჩანს, ივანიშვილის ხელისუფლებას სწორება სულ სხვა ორიენტირზე აქვს - გაუბედავი ნაბიჯებით, მაგრამ განუხრელად ის მიდის „სუვერენული დემოკრატიისაკენ“. სწორედ ასე იწოდება ხალხის ნების სახელით საერთაშორისო ნორმების უგულებელყოფაზე დაფუძნებული მმართველობის სისტემა, რომელიც  რუსეთში უკვე კარგა ხანია მოქმედებს. „არ მჭირდება ევროსაბჭოს რეზოლუცია, ისედაც ვიცი“, - ამ ბრძნული ფრაზის ავტორი, თეა წულუკიანი, საქართველოში დღეს იმავე როლს ასრულებს, რაც თავის დროზე რუსეთში ვლადისლავ სურკოვს ეკისრებოდა.

დღევანდელ ვითარებაში რუსეთის დაუსჯელობის სინდრომი ივანიშვილის ხელისუფლებას ავტორიტარიზმის გზით სიარულის ცდუნებას რაც უნდა უღვივებდეს, მისთვისვე იქნება უკეთესი, თუ არ დაივიწყებს ერთ ლათინურ ანდაზას - რაც ეპატიება იუპიტერს, არ ეპატიება ხარს. ამის ყველაზე თვალსაჩინო მაგალითი თუნდაც ყბადაღებული იანუკოვიჩის უკრაინაა.

საქართველო უბრალოდ ვერ შეძლებს პოლიტიკური შიზოფრენიის მდგომარეობაში დიდხანს ყოფნას; ვერ შეძლებს, რომ, ერთი მხრივ, დეკლარირებული ჰქონდეს პროდასავლური საგარეო კურსი, ხოლო მეორე მხრივ, შიგნით პუტინისტური მეთოდებით მოქმედებდეს. ადრე თუ გვიან ერთ-ერთი მიმართება საბოლოოდ გაიმარჯვებს და საგარეო და საშინაო პოლიტიკური ტენდენციები ერთმანეთთან შესაბამისობაში მოვლენ.

რომელმა ვექტორმაც უნდა გაიმარჯვოს, საქართველოს კიდევ ერთი პოლიტიკური ტრანზიციის გავლა მოუწევს. არსებული სახით ჩვენი პოლიტიკური სისტემა არც ჩრდილოეთის მოთხოვნებს პასუხობს და არც დასავლეთისას. რუსეთის საბოლოო გამარჯვების შემთხვევაში თუ როგორ მოეწყობა ქვეყანა, ამ ქვეყნის მოქალაქეებს, მათ შორის, დღევანდელი მთავრობის წევრებს, არავინ გვკითხავს - ყველაფერი, ცხადია, მოსკოვში გადაწყდება.

ამიტომ, ჩვენი ყურადღება აჯობებს იმ გამოწვევებზე გავამახვილოთ, რაც ევროპული დემოკრატიის მშენებლობისას შეგვხვდება. ამ მიმართულებით მოძრაობის საგზაო რუკას ამავე რეზოლუციაში ვნახავთ, განსაკუთრებით იმ ნაწილებში, რომელიც საზოგადოებრივი ყურადღების ცენტრში გაურკვეველი მიზეზების გამო არ მოექცა. ამ რეკომენდაციების გათვალისწინება სასარგებლო იქნება არა მხოლოდ კონკრეტულად ოპოზიციისათვის ან ზოგადად ქართული დემოკრატიისათვის, არამედ, საბოლოო ჯამში, თავად ქართული ოცნების გრძელვადიანი ინტერესებისთვისაც.

ივანიშვილის ხელისუფლებას აქვს უნიკალური შანსი, არ გაიმეოროს ის შეცდომა, რომელიც თავის დროზე ჩვენ დავუშვით - მეტი ყურადღებით მოეკიდოს პლურალისტულ გარემოს და იმ დამოუკიდებელი ინსტიტუტების მშენებლობას, რომლებიც მათ ძალაუფლების დაკარგვის შემდეგ ახალი მთავრობის მხრიდან პოლიტიკური დევნისგან დაიცავს და სამართლიანი კონკურენციის პირობებში არსებობის გაგრძელების შესაძლებლობას მისცემს.

ამ მხრივ რამდენიმე პრობლემის გამოყოფა შეიძლება. მათგან ყველაზე მნიშვნელოვანი საარჩევნო რეფორმაა. რეზოლუციის 4.2. მუხლში ვკითხულობთ:

„დაჟინებით მოვუწოდებთ ყველა პოლიტიკურ ძალას, შეთანხმდნენ საარჩევნო სისტემაზე, რომელიც დაეფუძნება საერთო კონსენსუსზე და რომელიც გააძლიერებს ქვეყნის ინსტიტუტების პლურალისტურ ბუნებას. ამასთან მიმართებით, ასამბლეა სთავაზობს ყველა დაინტერესებულ მხარეს, განიხილოს ღია სიების საფუძველზე რეგიონული პროპორციული საარჩევნო სისტემა, რომელსაც, როგორც ჩანს, ეთანხმება თუ არა ყველა, ქვეყანაში არსებული პოლიტიკური ძალების უმეტესობა მაინც“.

ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის მიერ შემოთავაზებული საარჩევნო სისტემა თავის თავში შეიცავს დღეს მოქმედი სისტემის როგორც მაჟორიტარული, ისე პროპორციული ელემენტების დადებით თვისებებს. იმავდროულად, ის თავისუფალია მათთვის დამახასიათებელი ნაკლოვანებებისაგან.

თითოეულ ამომრჩეველს შესაძლებლობა ექნება, ხმა მისცეს არა პარტიული ბოსების მიერ შედგენილ დახურულ სიას, არამედ მისთვის მოსაწონ ინდივიდუალურ კანდიდატს. შემდეგ, კანდიდატთა მიერ მიღებული ხმები მათი პარტიული კუთვნილების შესაბამისად დაჯამდება. ასე გამოითვლება, რამდენი ადგილი ეკუთვნის ამა თუ იმ პარტიას პარლამენტში. დეპუტატის მანდატები იმ კანდიდატებს შეხვდებათ, რომლებმაც პარტიაში სხვებზე მეტი ხმა მიიღეს. სწორედ ასეთი სისტემა მოქმედებს ფინეთში, შვეიცარიასა და ლუქსემბურგში.

კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ცვლილება, რასაც ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის რეკომენდებული მოდელი ითვალისწინებს, ესაა პროპორციულობის შეხამება რეგიონალიზმთან. როგორც ვიცით, დღეს ამომრჩეველი 2 ბიულეტენს იღებს, რომელთაგან ერთით ადგილობრივ მაჟორიტარს ირჩევს, ხოლო მეორით 76-კაციან სიას აძლევს ხმას. ამ საარჩევნო რეფორმის განხორციელების შემთხვევაში, ამომრჩეველი მიიღებს მხოლოდ 1 ბიულეტენს. მისი რეგიონიდან არჩეული იქნება 3-10 დეპუტატი.

გამოცდილება გვიჩვენებს, რომ რაც უფრო მცირეა საარჩევნო ოლქის საზღვრები და რაც უფრო ნაკლები დეპუტატი აირჩევა ამ ოლქში, მით უფრო ძლიერია კავშირი ამომრჩეველსა და მის რჩეულს შორის. როცა ოლქში არჩეული იქნება მაქსიმუმ 10 დეპუტატი, ამომრჩევლებს უკეთ შეეძლებათ საკუთარი წარმომადგენლის იდენტიფიცირება და, შესაბამისად, პასუხსაც უფრო ადვილად მოსთხოვენ.

შემოთავაზებული საარჩევნო სისტემის ფარგლებში შესაძლებელია დავუბრუნდეთ პრეფერენციული ხმის მიცემის წესს - ამომრჩეველს მივანიჭოთ ბიულეტენში ერთზე მეტი კანდიდატის შემოხაზვის და მათი რანჟირების უფლებაც. სწორედ ასე ხდებოდა 1991 წლის ადგილობრივ და 1992 წლის საპარლამენტო არჩევნებზე.

ამ მოდელის პირობებში, კანდიდატებს კონკურენტის მხარდამჭერების მეორე და მესამე პრეფერენციის მოზიდვა დასჭირდებათ. აქედან გამომდინარე, იარსებებს სტიმული, რომ კანდიდატებმა არა მხოლოდ იმას გაუსვან ხაზი, თუ რა განასხვავებთ ერთიმეორისაგან, არამედ იმასაც, თუ რა აერთიანებთ.

შესაბამისად, მათ მეტი საუბარი მოუწევთ კონკრეტულ პრობლემებზე და მათი გადაჭრის ხედვებზე და ნაკლები - კონკურენტზე პიროვნულ თავდასხმებზე. პრეფერენციები განსხვავებული, მაგრამ მონათესავე ინტერესების შეკავშირების შესაძლებლობას ქმნის. ასეთი სისტემით არჩეული დეპუტატი უფრო ფართო წრისთვის იქნება მისაღები. ნეგატიური კამპანიის შემცირების პარალელურად, დროთა განმავლობაში, პოლიტიკური სისტემის პოლარიზაციის ხარისხიც დაიკლებს.

სხვათა შორის, საარჩევნო რეფორმის ვალდებულება ჯერ კიდევ ნაციონალური მოძრაობის მთავრობას ჰქონდა აღებული ევროსაბჭოს წინაშე. 2012 წლის საპარლამენტო არჩევნები არსებული პარალელური (მაჟორიტარულ-პროპორციული) სისტემით უკანასკნელი უნდა ყოფილიყო. ამასვე ეთანხმებოდა იმჟამინდელი ოპოზიცია, ანუ დღევანდელი ხელისუფლება.

დღეს ქართული ოცნება ამ საკითხებზე დუმს. ივანიშვილის მთავრობამ უარი თქვა საკრებულოების არჩევნების ახალი სისტემით ჩატარებაზე და ძალაში დატოვა ის, რასაც ოპოზიციაში ყოფნის დროს მწვავედ აკრიტიკებდა. ეს ყოველივე ქმნის საფუძვლიან ეჭვს, რომ ხელისუფლება 2016 წლის საპარლამენტო არჩვენებისთვისაც არ აპირებს რაიმეს შეცვლას.

ერთი შეხედვით, სტატუსკვო მმართველ ძალას ხელს აძლევს. ასე მაგალითად, ადგილობრივ არჩევნებზე ქართულმა ოცნებამ თბილისის საკრებულოში აიღო ხმების მხოლოდ 45%, მაგრამ მაჟორიტარების ხარჯზე აქვს ადგილების 75%. ანუ გამოდის, რომ პირველ ადგილზე გასული საარჩევნო სუბიექტი მანდატების 30%-იან ბონუსს იღებს.

თუკი ვივარაუდებთ, რომ მომდევნო წლებში არსებული ტენდენციები შენარჩუნდება და ქართული ოცნების მხარდაჭერის ვარდნა ისეთივე ტემპით გაგრძელდება, როგორც წინა ორი წლის განმავლობაში, მაშინ მმართველი კოალიციის ინტერესი გასაგები ხდება - მანდატების ამ ბონუსის გარეშე ივანიშვილი ერთპიროვნული ძალაუფლების შენარჩუნებას ვერ შეძლებს.

მაგრამ ეს უპირატესობა შესაძლოა ილუზორული აღმოჩნდეს, განსაკუთრებით იმ შემთხვევაში, თუ პირველ ადგილზე გასული ძალა ქვეყნის მასშტაბით ხმების მესამედზე ნაკლებს მიიღებს. ამ პირობებში, ცალკეულ რეგიონებში პირველ ადგილზე სხვა პარტია შეიძლება გავიდეს და, შესაბამისად, მაჟორიტარული არჩევნებიც მან მოიგოს. ზოგან შესაძლოა დამოუკიდებელმა კანდიდატებმაც გაიმარჯვონ. ანუ პირველ ადგილზე გასვლის შემთხვევაშიც კი, ქართული ოცნება, დიდი ალბათობით, მანდატების დიდ ბონუსს ვეღარ მიიღებს.  არჩევნების წაგების შემთხვევაში კი, ეს სისტემა უკვე მის წინააღმდეგ იმუშავებს.

ამასთან, თავი არ უნდა მოვიტყუოთ, რომ ნამდვილი დასავლური ტიპის დემოკრატიისათვის აუცილებელია არა მხოლოდ უფრო პლურალისტული პარლამენტი, არამედ ხელისუფლების რეგიონული დეცენტრალიზაცია. პარლამენტის მოქმედ საარჩევნო სისტემასთან ერთად, დანიშვნითი რეგიონული მმართველობა „გამარჯვებულს მიაქვს ყველაფერი“ სისტემის ქვაკუთხედია. იგი განაპირობებს მმართველი ძალის ხელში ხელისუფლების სრულ კონცენტრაციას. ეს მშვენივრად ესმით ჩვენს ევროპელ პარტნიორებს. სწორედ ამიტომ არის, რომ ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის რეზოლუციის 8.1. მუხლი გუბერნატორთა არჩევითობას ეხება.

2003 წელს, როცა ნაციონალური მოძრაობა ხელისუფლებაში მოვიდა, საქართველოში უკლებლივ ყველა რეგიონულ თუ მუნიციპალურ მმართველს პრეზიდენტი ნიშნავდა. 2006 წლიდან ჩვენ გავაუქმეთ მერებისა და გამგებლების დანიშვნითობა, მაგრამ, სამწუხაროდ, არ გამოვიყენეთ ის დრო, როცა ხელისუფლებაში ვიყავით, რათა გუბერნატორების არჩევითობაც შემოგვეღო. ასეთი ინიციატივით პრეზიდენტი სააკაშვილი 2012 წლის მიწურულს გამოვიდა, მაგრამ მაშინ ქართულმა ოცნებამ ამ იდეას მხარი არ დაუჭირა. ამის სანაცვლოდ, მათ წამოაყენეს რეგიონული საბჭოების შექმნის წინადადება, რომლებსაც ცენტრალურ ხელისუფლებასთან ერთად მონაწილეობა უნდა მიეღოთ გუბერნატორების დანიშვნაში.

ისტორიული განვითარების ლოგიკა გვკარნახობს, რომ ადრე თუ გვიან რეგიონული დემოკრატია საქართველოშიც დამკვიდრდება. გამოცდილება გვიჩვენებს, რომ საარჩევნო წლებში ნებისმიერი ხელისუფლება უფრო მგრძნობიარეა ამომრჩევლისადმი. ისე გამოვიდა, რომ 2015 საარჩევნო ტაიმაუტის წელია. ამიტომ მიზანშეწონილია, რომ პირველი რეგიონული არჩევნები სწორედ შემდეგ წელს ჩატარდეს.

შედეგად მივიღებთ უფრო დაბალანსებულ და საარჩევნო რყევებისაგან  დაცულ პოლიტიკურ სისტემას. მუნიციპალურისგან განსხვავებით, რეგიონულ ხელისუფლებას ბევრად მეტი რესურსი ექნება, რათა წინ აღუდგეს ცენტრალური მთავრობისგან მომდინარე ისეთ ანტიდემოკრატიულ ზეწოლას, რისი მომსწრენიც 2012 წლის არჩევნების შემდეგ ჩვენ ყველანი ვიყავით და რაც სათანადოდ აისახა კიდეც ევროპის საბჭოს არაერთ დოკუმენტში.

თავისუფალი და სამართლიანი არჩევნები შეუძლებელია კანონის უზენაესობისა და სასამართლო დამოუკიდებლობის გარეშე. სამწუხაროდ, 2012 წლის შემდეგ, არსებული ხარვეზების აღმოფხვრის ნაცვლად, ამ სფეროში მდგომარეობა მნიშვნელოვნად გაუარესდა. დემოკრატიული საარჩევნო გარემოს უზრუნველსაყოფად აუცილებელია იმ ინსტრუმენტების განეიტრალება, რასაც ივანიშვილი ოპოზიციის წინააღმდეგ პოლიტიკური დევნისათვის იყენებს. ამ საკითხებს ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის რეზოლუციაში რამდენიმე პუნქტი ეთმობა.

მათგან ყველაზე მწვავე წინასწარი პატიმრობის ფართო გამოყენებაა, რაზედაც რეზოლუციის 5.4. მუხლი საგანგებოდ მიუთითებს. ცხადია, კანონზე მაღლა არავინ უნდა იყოს და უდავოა, რომ პოლიტიკოსობა დანაშაულისაგან იმუნიტეტს არ გულისხმობს. ამას არც ტბელი აბუსერისძის ქუჩის ბინადრები ვითხოვთ. ამაზე არც ჩვენი ქვეყნის ევროპელი ან ამერიკელი მეგობრები საუბრობენ.

დასავლეთშიც არაერთი პოლიტიკოსი გაუსამართლებიათ და უამრავი მაგალითი არსებობს, როცა ყოფილი მაღალი თანამდებობის პირები ციხეში ხვდებიან, მაგრამ არცერთი - როცა პოლიტიკოსს სასამართლომდე, წინასწარი გამოძიების სტადიაზე აპატიმრებენ. დემოკრატიულ ქვეყნებში პოლიტიკოსები ციხეში ხვდებიან მხოლოდ მას შემდეგ, რაც მიუკერძოებელი და დამოუკიდებელი სასამართლო უტყუარი მტკიცებულებების საფუძველზე მათ გამამტყუნებელ განაჩენს გამოუტანს, მაგრამ არავითარ შემთხვევაში - მანამდე.

ეს მანკიერი პრაქტიკა ჩვენი სასამართლო სისტემისათვის ზოგადად არის დამახასიათებელი. ჩვენი მთავრობის მიერ გატარებულმა რეფორმებმა მნიშვნელოვნად გაზარდა არასაპატიმრო წინასასამართლო აღკვეთის ღონისძიებების გამოყენება, თუმცა პრობლემის ბოლომდე გადაჭრა ჩვენ ვერ შევძელით. ახალი მთავრობის პირობებში კი ეს ნორმა ოპოზიციის პოლიტიკური დევნის ლამის ყველაზე მთავარ ინსტრუმენტად იქცა.

ივანიშვილის უუნარო და გაქსუებულ ხელისუფლებას არ შეუძლია ოპოზიციასთან თანასწორი კონკურენცია, ამიტომ ის ყველაფერს გააკეთებს, რათა სახიფათო პოლიტიკური მეტოქეების გზიდან ჩამოშორების ანტიდემოკრატიული ინსტრუმენტი შეინარჩუნოს. ამიტომ ჩვენი მხრიდან გულუბრყვილობა იქნება იმის მოლოდინი, რომ ეს მთავრობა რამეს თავისით შეცვლის.

რეფორმის მხარდამჭერი აქტიური საზოგადოებრივი კამპანიის პარალელურად, ცვლილებებისათვის საკონსტიტუციო სასამართლოც უნდა გამოვიყენოთ. აუცილებლად უნდა გასაჩივრდეს ის ბუნდოვანი მტკიცებულებითი სტანდარტები, რომელიც სასამართლოს საშუალებას აძლევს, სათანადო დასაბუთების გარეშე გამოიყენოს წინასწარი პატიმრობა.

იგივე ეხება ადმინისტრაციულ პატიმრობას, რომელზედაც რეზოლუციის 5.3. მუხლი საუბრობს. ჯერ კიდევ 1973 წელს მიღებული ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსით გათვალისწინებული პროცედურები უხეშად ეწინააღმდეგება კონსტიტუციას, არღვევს მხარეთა თანასწორუფლებიანობისა და შეჯიბრებითობის პრინციპებს და ხელისუფლებას სამართლიანი სასამართლოს გარეშე 3 თვემდე თავისუფლების აღკვეთის შესაძლებლობას აძლევს.

გასაკვირი არაა, რომ ამ ზომას ყველაზე ხშირად სწორედ ოპოზიციისა თუ სამოქალაქო აქტივისტების წინააღმდეგ იყენებენ. მოარული რევოლუციური აჩრდილის მიმართ ივანიშვილის პარანოიდული შიშის გათვალისწინებით, ადვილი მისახვედრია, რომ ხელისუფლება არც ამ ნორმის შესანარჩუნებლად იბრძოლებს ბოლომდე.

ყველა ზემოაღნიშნული პრობლემის გადაჭრას სასიცოცხლო მნიშვნელობა აქვს, მაგრამ  სამართლებრივი განუკითხაობის სათავე მოწმეთა სასამართლოს მიღმა დაკითხვის წესია. საქმე ისაა, რომ ოპოზიციის ლიდერებისა თუ რიგითი აქტივისტების წინააღმდეგ შეთითხნილი ყველა საქმე არსებითად მხოლოდ მოწმეთა ჩვენებებზეა დაფუძნებული.

სწორედ ამიტომ, განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება რეზოლუციის 5.6. მუხლს. იგი მოითხოვს, დაუყოვნებლივ ამოქმედდეს მოწმეთა მხოლოდ სასამართლოში ამოქმედების წესი, რომლის ძალაში შესვლა ქართულმა ოცნებამ კიდევ 2 წლით გადაავადა. ალბათ ყველას კარგად გვახსოვს, რომ სწორედ ამ გადავადებაზე ვეტოს დადების გაუბედავი მცდელობა გახდა ივანიშვილის მხრიდან პრეზიდენტ მარგველაშვილის შერისხვის საფუძველი.

თუკი მოწმეებს მხოლოდ სასამართლოზე დაკითხავენ, როგორც ბრალდების, ისე დაცვის თანაბარი მონაწილეობით, ეს საგრძნობლად შეამცირებს ცრუ ჩვენებების გამოძალვის ალბათობას. როგორც წესი, სწორედ ეს ცრუ ჩვენებები ედება ხოლმე საფუძვლად ოპოზიციის წინააღმდეგ დევნის დაწყებას, რაც შემდეგ, თავის მხრივ, წინასწარი პატიმრობის საბაბი ხდება.

თუმცა, სამართალდამცველების მიერ მოწმეთა ტერორიზებისათვის მხოლოდ ეს რეფორმა საკმარისი არაა. მათი დაცულობისათვის საჭიროა, რომ ასევე დაუყოვნებლივ ამოქმედდეს ნაფიც მსაჯულთა სასამართლო ყველა სისხლის სამართლის საქმეზე, როგორც ეს გათვალისწინებული იყო სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსით. მოწმეთა მხოლოდ სასამართლოზე დაკითხვის წესის მსგავსად, ეს ნორმაც ქართულმა ოცნებამ კიდევ 2 წლით გადაავადა.

უფრო მეტიც, მიზანშეწონილია, რომ სისხლის სამართლის საქმეებთან ერთად, ნაფიც მსაჯულებს დაექვემდებაროს ადმინისტრაციული და სამოქალაქო საქმეების განხილვაც. ამით მნიშვნელოვნად გაიზრდება ბიზნესის დაცულობა. შედეგად - ოპოზიციას და დამოუკიდებელ მედიას მეტი შესაძლებლობა ექნება, თავისი არსებობისათვის აუცილებელი სახსრები მოიძიოს. სათანადო ეკონომიკური საფუძვლის გარეშე, პოლიტიკური პლურალიზმი და კონკურენცია ლიტონ სიტყვებად დარჩება.

მართალია, რეზოლუციის 5.6. მუხლი ნაფიც მსაჯულთა სასამართლოს დაუყოვნებლივ ამოქმედებასაც მოითხოვს, მაგრამ მოწმეთა მხოლოდ სასამართლოზე დაკითხვის წესთან ერთად, ეს ალბათ ივანიშვილის მხრიდან ყველაზე გააფთრებულ წინააღმდეგობას შეხვდება. ეს გასაგებიცაა, ვინაიდან ამ რეფორმების განხორციელების შედეგად მთავრობა დაკარგავს იმ მთავარ ბერკეტს, რითაც ის პოლიტიკურ მონოპოლიას ინარჩუნებს. ამიტომ, სხვა საკითხების მსგავსად, ამ თემაზეც აუცილებელია ოპოზიციისა და სამოქალაქო საზოგადოების სრული მობილიზაცია, მათ შორის, საკონსტიტუციო სასამართლოზე სარჩელის შეტანა.

დღევანდელი გადმოსახედიდან ძნელი წარმოსადგენია, რომ ქართულმა ოცნებამ შეძლოს, სწორად გააცნობიეროს საკუთარი გრძელვადიანი პოლიტიკური ინტერესი და ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის რეკომენდაციები გაითვალისწინოს. ამიტომ ყველა პოლიტიკური ძალამ, თუ სამოქალაქო ჯგუფმა, განსაკუთრებით საპარლამენტო ოპოზიციამ მთელი ძალისხმევა უნდა მიმართოს, რათა საარჩევნო რეფორმის აუცილებლობაში პირველ რიგში დაარწმუნოს ჩვენი საზოგადოება.

როცა იარსებებს ხალხის მტკიცე ნება, ყველაზე არადემოკრატიულ ხელისუფლებასაც კი გაუჭირდება მისი უგულებელყოფა. ამის მაგალითები ჩვენსავე ისტორიაში არსებობს. შეგვიძლია გავიხსენოთ 1990 წელს გამართული პირველი მრავალპარტიული არჩევნები, რომელიც სწორედ საზოგადოების ზეწოლით მიღებული კანონმდებლობის საფუძველზე ჩატარდა. იმჟამინდელი საბჭოთა ხელისუფლებისთვისაც კი ნათელი იყო, რომ საზოგადოების ლეგიტიმური მოთხოვნის იგნორირება სერიოზულ პოლიტიკურ კრიზისს გამოიწვევდა.

ეს ამბები კარგად უნდა ახსოვდეს ჩვენი პარლამენტის ამჟამინდელ თავმჯდომარეს. იგი იმხანად ახლადგაწევრიანებული იყო კომუნისტური პარტიის რიგებში და, როგორც ახლა თავად ამბობს, სისტემის შიგნიდან გარდაქმნას ცდილობდა.

ოპტიმისტები თვლიან, რომ ხალხის, ოპოზიციისა და შიდასისტემური რეფორმატორების ერთობლივმა ძალისხმევამ ამჯერადაც შეიძლება გამოიღოს დადებითი შედეგი. ჯერჯერობით მოვლენათა ასეთი განვითარების შესაძლებლობაზე ბევრი არაფერი მეტყველებს. ნაკლებად სავარაუდოა, რომ ხელისუფლება არ გაიმეორებს იმ საბედისწერო შეცდომას, რომელიც 2003 წელს შევარდნაძემ დაუშვა, როცა ამომრჩეველთა სურვილის მიუხედავად ძალაუფლების შენარჩუნებას შეეცადა.

თუმცა, არ ღირს მოვლენებს წინ გავუსწროთ და წინასწარი დასკვნები გავაკეთოთ. რა გზას აირჩევს ივანიშვილი ან რომელიმე მისი დღევანდელი ხელქვეითი, ეს მხოლოდ მათზეა დამოკიდებული.

ჩვენ კი გავიხსენოთ ერთი ცნობილი ფილოსოფოსის სიტყვები - რაც არ გვკლავს, ის გვაძლიერებს. აშკარაა, რომ ნაციონალურმა მოძრაობამ ივანიშვილის რეპრესიული მანქანის ყველა შემოტევას გაუძლო. ბრძოლის ყველაზე მძიმე ფაზა უკვე გამოვიარეთ. ახლა დრო მხოლოდ ჩვენზე მუშაობს. მთავარია, რომ ყინული  უკვე დაიძრა.

შეიძლება ვინმეს პარადოქსულად მოეჩვენოს, მაგრამ, რაც დრო გავა, პოლიტიკური რეპრესიები უფრო მეტად ხელისუფლების პრობლემა გახდება, ვიდრე ოპოზიციის დევნილი ლიდერებისა. რამდენადაც უცნაური უნდა იყოს, ყველაზე კარგად ეს სწორედ ტბელი აბუსერისძის ქუჩიდან ჩანს. ამის დასტურია საერთაშორისო პოლიტიკური თრენდიც.

გულწრფელად ვფიქრობ, რომ მისთვისვე აჯობებს, გამალებული იანუკოვიჩიზაციის გზაზე შემდგარმა ხელისუფლებამ იულია ტიმოშენკოს და იური ლუცენკოს მაგალითები კარგად გაიხსენოს. სულ უფრო მზარდ საერთაშორისო კრიტიკაზე „გაბუტვის“ ნაცვლად, სჯობს უკრაინელი კოლეგების ბედზე სერიოზულად დაფიქრდეს და სათანადო დასკვნები დროულად გამოიტანოს.

რეზოლუციის 10.6. მუხლი ივანიშვილის ხელისუფლებას მიანიშნებს, თუ როგორ გამოვიდეს სახის შენარჩუნებით იმ პოლიტიკური ჩიხიდან, რომელშიც ამ უკანასკნელმა საკუთარი თავი თავისივე უმწიფრობის შედეგად მოიქცია.

„იმის გათვალისწინებით, რომ ხსენებულმა სისხლისსამართლებრივმა დევნამ საკმაოდ მნიშვნელოვანი დაძაბული პოლიტიკური გარემოს შექმნა გამოიწვია, ასამბლეა მიესალმება ხელისუფლების მიერ შემოთავაზებულ შესაძლო ამნისტიას, რომელიც შეეხება ყოფილი ხელისუფლების წარმომადგენლების მიერ ჩადენილ ყველა შესაძლო დანაშაულს, გარდა სერიოზული დანაშაულებისა“.

მხოლოდ დრო გვიჩვენებს, ამნისტიის ეს ინიციატივა დასავლეთის დაშოშმინების მიზნით ივანიშვილის რეალურ განზრახვას ასახავს, თუ მისი მხრიდან დროის გაყვანის რაღაც თამაშია, რომელსაც რეალური შედეგი არ მოჰყვება. ვერც იმას გამოვრიცხავთ, რომ იმ ბრძენი კაცის, ბატონი ბიძინას ზურგს უკან ხელისუფლების რომელიმე წარმომადგენელი პარტიზანულად მოქმედებდეს და ევროპის საბჭოს თვალში ქულების ჩაწერას ცდილობდეს.

გრძელვადიან პერსპექტივაში როგორც უნდა განვითარდეს მოვლენები, პრემიერ ღარიბაშვილის მიერ დაანონსებულ „პროვოკაციებთან და დესტრუქციულ მოვლენებთან“ ბრძოლის ფონზე, ოპოზიციის დევნის შეწყვეტაზე განსაკუთრებული იმედების დამყარება სრულიად უადგილოა. უფრო სავარაუდოა, რომ ივანიშვილის ხელისუფლება შეცდომებში გაჯიუტდეს და სულ მცირე კომპრომისიც კი სისუსტის დაუშვებელ გამოვლინებად ჩათვალოს. შესაბამისად, ყველანი უნდა მოვემზადოთ პოლიტიკური დაძაბულობის ზრდისათვის.

საქართველოს მსგავს ქვეყანაში ასეთი პოლიტიკური ფონი განსაკუთრებით ნეგატიურად ეკონომიკასა და ინვესტიციებზე აისახება. ამ ვითარებას მთავრობის არაკომპეტენტურობა, ცხადია, კიდევ უფრო ამძაფრებს. რაც დრო გადის, სულ უფრო მეტი და მეტი ადამიანი მკაფიოდ დაინახავს ორგანულ კავშირს ივანიშვილის პირად კაპრიზებსა და მოსახლეობის გაღარიბებას შორის.

დასკვნის მაგიერ კი კვლავ რეზოლუციის დავუბრუნდები და მუხლი 20-ის  ციტირებას მოვახდენ, რადგან ეს ერთი აბზაცი სრულად გამოხატავს არა მარტო საქართველოს პარტნიორების წუხილსა და შეშფოთებას, არამედ იმასაც, თუ სად არის დღეს საქართველო.

 „ბოლო წლების განმავლობაში, საქართველომ დემოკრატიის განვითარების კუთხით აშკარა პროგრესი მოახდინა, თუმცა, ეს პროცესი დაჩრდილა ყოფილი მაღალჩინოსნების დაკავებამ და სისხლისსამართლებრივმა დევნამ, რამაც წარმოშვა ბევრი შეკითხვა სასამართლო სისტემის პოლიტიკური მიზნებით გამოყენების შესახებ. ახლა ქვეყნისათვის მნიშვნელოვანია, გადალახოს ანტაგონიზმი, პოლარიზაცია და შურისძიების გრძნობა, რომელიც კვლავ რჩება არსებულ პოლიტიკურ გარემოში. პოლიტიკურმა მოთამაშეებმა უნდა კონსტრუქციულად შეუწყონ ხელი ქვეყნის დემოკრატიულ კონსოლიდაციას. ასამბლეა გამოხატავს მზადყოფნას იმის თაობაზე, რომ დაეხმაროს საქართველოს შესაბამის ორგანოებს და პარლამენტს ამის შესრულებაში“.

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

შსს: მაღალტემპერატურულ ღუმელში 55 მლნ ლარის ღირებულების ნარკოტიკი გავანადგურეთ (VIDEO)

კომენტარები