საქართველოს ყოფილი მაღალჩინოსნები უკრაინის მთავრობაში

რადამ ალექსანდრე კვიტაშვილს ჯანდაცვის მინისტრის პოსტზე ნდობა გამოუცხადა

online.tsu.edu.ge

უკრაინის უმაღლესმა რადამ საქართველოს ჯანდაცვის ყოფილი მინისტრის ალექსანდრე კვიტაშვილის კანდიდატურას უკრაინის ჯანდაცვის მინისტრის პოსტზე მხარი დაუჭირა. კვიტაშვილი ჯანდაცვის მინისტრის პოსტზე პეტრე პოროშენკოს ბლოკმა წარადგინა. უკრაინის საკანონმდებლო ორგანომ მინისტრთა ახალი კაბინეტი ცოტა ხნის წინ, 288 ხმით დაამტკიცა.

"ალექსანდრე კვიტაშვილი არის ადამიანი, რომელიც ორწელიწადნახევრის განმავლობაში სათავეში ედგა საქართველოს ჯანდაცვის უწყებას. მან გაატარა ამ სფეროში ყველაზე რადიკალური რეფორმები. ეს ადამიანი გახდა უკრაინის მოქალაქე და ამ ქვეყნისთვის მან დატოვა თავისი ქვეყნის საქართველოს მოქალაქეობა. ალექსანდრე გაატარებს რადიკალურ რეფორმებს სამედიცინო სფეროში. მინდა ვთქვა, რომ ჩვენ მივიღეთ გადაწყვეტილება, გამოვყოთ ჯანდაცვის სამინისტროსგან ერთ-ერთი ყველაზე კორუფციული სამსახური - შესყიდვების დეპარტამენტი. უმაღლესი რადის წარმომადგენლებო, მინდა გთხოვოთ, მხარი დაუჭიროთ ამ კანონს. მთლიანი შიდა პროდუქტის დიდი ნაწილი ქვეყნის მედიცინაზე იხარჯება და ამ თანხის ნახევარს იპარავენ. ალექსანდრე კვიტაშვილი აპირებს, ეს პრობლემა გადაჭრას" - განაცხადა უკრაინის პრემიერმინისტრმა არსენ იაცენიუკმა.

"ჯანდაცვის სფეროში 15 წელია ვმუშაობ და პრინციპში 1996 წლიდან საქართველოში ამ სფეროში განხორციელებული რეფორმები ჩემი მონაწილეობით ჩატარდა. ჩვენთვის მთავარი ამოცანაა, ყველას ჰქონდეს შესაძლებლობა, მიიღოს მაღალკვალიფიციური სამედიცინო დახმარება. ბოლო სამი თვის განმავლობაში უკრაინაში რეფორმებზე ვმუშაობდი, მაგრამ ამ ქვეყნისადმი უფრო დიდი ხნის სიყვარული მაკავშირებს.  ამ თანამდებობაზე მუშაობის შეთავაზება უკრაინის და უკრაინელი ხალხისადმი ღრმა პატივისცემის გამო მივიღე. ამაყი ვარ იმ დიდი ქვეყნის მოქალაქეობის მიღებით, რომელსაც უდიდესი მომავალი აქვს" - თქვა უკრაინის ჯანდაცვის მინისტრმა ალექსანდრე კვიტაშვილმა.

უკრაინის პრეზიდენტმა პეტრო პოროშენკომ კვიტაშვილს უკვე მიანიჭა უკრაინის მოქალაქეობა. მის გარდა, მთავრობაში კიდევ ორი უცხოელია.

კომენტარები