ჯანდაცვის რეფორმა

ჭიაბერაშვილი: ამ რეფორმით, სოციალური დახმარება მარტოხელა პენსიონერს შეუწყდება

ნაციონალური მოძრაობის ინფორმაციით, ჯანდაცვის სამინისტრომ სოციალურად დაუცველი მოსახლეობის აღწერის ახალი მეთოდოლოგია შეიმუშავა, რომლის მიხედვითაც ოჯახების ქულებით შეფასებისას, ძირითადი ყურადღება შემოსავალზე გაკეთდება. ზურაბ ჭიაბერაშვილის განცხადებით, ამ რეფორმით, სოციალური დახმარება მარტოხელა პენსიონერს და ცალკე მცხოვრებ პენსიონერ ცოლ-ქმარს შეუწყდება. 

"სამინისტროს მიერ ჯანდაცვის საპარლამენტო კომიტეტზე წარმოდგენილი მონაცემების მიხედვით, ახალი მეთოდოლოგიით ფულად დახმარებას 141,831 ოჯახის ნაცვლად 106,000 ოჯახი მიიღებს. ამ ოჯახებიდანაც ყველა ვეღარ მიიღებს დახმარების იმავე ოდენობას, რასაც ადრე იღებდა. სულზე საშუალო 52 ლარის ნაცვლად, ზოგიერთი ოჯახი სულზე 40 ან 30 ლარს მიიღებს.

იმის გამო, რომ ზედიზედ მეორედ ბიუჯეტს ვერ ასრულებს, ბიძინა ივანიშვილის მთავრობა ცდილობს, ფული ყველაზე გაჭირვებული ადამიანების ხარჯზე დაზოგოს.

სერგეენკოს მორიგი რეფორმით, სოციალური დახმარება მარტოხელა პენსიონერს და ცალკე მცხოვრებ პენსიონერ ცოლ-ქმარს შეუწყდება. ჯანდაცვის სამინისტროს საპროგნოზო მონაცემებივე აჩვენებს, რომ სერგეენკოს მიერ ინიცირებული ცვლილებით ქართული ოჯახების ზოგადი სიღარიბე არათუ არ იკლებს, არმედ ოდნავ იმატებს კიდეც.

აღსანიშნავია, რომ პენსიის დაანონსებული 10-ლარიანი მატება უკვე შეჭამა ლარის კურსის ვარდნამ და საკვებსა და მედიკამენტებზე ფასების მატებამ, ხოლო პენსიის ოდენობა კი არ დაუახლოვდა, დაშორდა რეალურ საარსებო მინიმუმს.

ბიძინა ივანიშვილის მმართველობის 2 წელი ეკონომიკური სტაგნაციით, ინვესტიციების კლებით, სამუშო ადგილების დაკარგვით და ბიუჯეტის შეუსრულებლობით გავიდა. ამიტომაცაა, რომ მისი მთავრობა ვერ ახერხებს ასწიოს ის სოციალური ტვირთი, რაც ბიუჯეტს დააწვა.

ერთიანი ნაციონალური მოძრაობა შიშობს, რომ, რეცეპტის გაუაზრებლად შემოღების მსგავსად, სერგეენკოს მორიგი რეფორმაც წარუმატებელი აღმოჩნდება. სოციალურად დაუცველ ოჯახებში ბავშვის დანამატის შემოღება უნდა მოხდეს, მაგრამ არა სხვა გაჭირვებული ადამიანების ხარჯზე.

ერთიანი ნაციონალური მოძრაობა მინისტრ სერგეენკოსგან მოითხოვს სოციალურად დაუცველთა ბაზაში დღეს მყოფ პენსიონერთა დაცვის სპეციალურ გარანტიებს, აგრეთვე, მარტოხელა პენსიონერთა შინმოვლის ცალკე პროგრამების შემუშავებასა და ამოქმედებას", - აცხადებს ჭიაბერაშვილი.

კომენტარები