NATO-ს მინისტერიალი

თამარ ბერუჩაშვილი დღეს ალიანსის გენერალურ მდივანს შეხვდება

facebook.com/mfageorgia/


NATO-ს მინისტერიალის ფარგლებში დღეს საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი ალიანსის გენერალურ მდივანს შეხვდება. შეხვედრაზე მთავარი განსახილველი საკითხი საქართველოს ევროატლანტიკური ინტეგრაცია, არსებითი პაკეტის იმპლემენტაცია, საქართველოში NATO-ს საწვრთნელი ბაზის გახსნა და რუსეთსა და ოკუპირებულ აფხაზეთს შორის გაფორმებული შეთანხმება იქნება. დღესვე გაიმართება კოალიციური მინისტერიალი, რომელშიც თამარ ბერუჩაშვილიც მიიღებს მონაწილეობას.

NATO-ს გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა სიტყვით გამოსვლისას საქართველოში NATO-ს საწვრთნელი ბაზის გახსნაზე ისაუბრა.

"ჩვენ მჭიდროდ ვთანამშრომლობთ საქართველოსთან, იორდანიასთან და მოლდოვის რესპუბლიკასთან. ჩვენ იქ გავაგზავნით ექსპერტებს, რომლებიც რჩევებს მისცემენ სამხედრო წვრთნებისა და თავდაცვის რეფორმების საკითხებში. ასევე NATO-ს მწვრთნელები საქართველოში NATO-ს საწვრთნელი ბაზის შექმნაში მიიღებენ მონაწილეობას. ეს გადაწყვეტილება სუვერენულმა საქართველომ მიიღო და არცერთ მესამე სახელმწიფოს არ აქვს ამ გადაწყვეტილებაზე ვეტოს დადების უფლება. NATO-ს და მისი მოკავშირეები არ აღიარებენ აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობას. ისინი საქართველოს ნაწილია საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში", - აღნიშნა სტოლტენბერგმა.

საგარეო საქმეთა მინისტრმა თამარ ბერუჩაშვილმა უკვე გამართა ათამდე ორმხრივი შეხვედრა, რომლებზეც მთავარი თემები NATO-საქართველოს ურთიერთობები და მოსკოვსა და სოხუმს შორის გაფორმებული ხელშეკრულება იყო.

NATO-ს წარმომადგენლის კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში, ჯეიმს აპატურაის თქმით, "შეხვედრაზე ვისაუბრეთ ე.წ. შეთანხმებებზე, რომლებსაც რუსეთი აფორმებს. ეს უკვე გაკეთდა აფხაზეთთან და ველით, რომ იგივე მოხდება სამხრეთ ოსეთშიც. მინისტრმა განმიმარტა, რომ ეს მხოლოდ ტექნიკური ცვლილებები არ არის. ეს არის მცოცავი ოკუპაციისკენ გადადგმული ფუნდამენტური ნაბიჯი. მოუთმენლად ველი საქართველოში ჩამოსვლას და მთავრობის წევრებთან და ოპოზიციასთან შეხვედრას."

კომენტარები