საქართველო-რუსეთის ურთიერთობა

ლუკაშევიჩი: სოხუმთან შეთანხმება ჟენევის მოლაპარაკებებს საფრთხეს არ უქმნის

freethisworld.com

"რუსეთი შეშფოთებულია თბილისის მცდელობებით, აფხაზეთთან მიღწეული შეთანხმება საერთაშორისო ასპარეზზე ჟენევის მოლაპარაკებებისთვის საფრთხედ წარმოაჩინოს", - ამის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალურმა წარმომადგენელმა ალეკსანდრ ლუკაშევიჩმა მოსკოვში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. ლუკაშევიჩის განმარტებით, რუსეთი კვლავ წინ წამოწევს აფხაზეთს, სამხრეთ ოსეთსა და საქართველოს შორის ძალის გამოუყენებლობის საკითხებს.

"ჩვენ გვაშფოთებს ოფიციალური თბილისის მცდელობები, რომ აფხაზეთთან მიღწეული მოკავშირეობისა და სტრატეგიული თანამშრომლობის შეთანხმება ჟენევის მოლაპარაკებებისთვის საფრთხედ წარმოაჩინოს. კიდევ ერთხელ ვაცხადებ, რომ თითოეული მონაწილისთვის ესოდენ მნიშნველოვან ჟენევის პროცესს არავითარი საფრთხე არ ემუქრება. გულწრფელად ვიმედოვნებთ, რომ ქართული დელეგაცია უსაფრთხოებისა და რეგიონში სტაბილურობის განმტკიცების რეალურ პრობლემებზე საუბრის ნაცვლად, გამოგონილ თემებზე უაზრო პოლიტიზირებულ კინკლაობას არ დაიწყებს", - თქვა ლუკაშევიჩმა.

ცნობისთვის, საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ დავით დონდუამ გუშინ განაცხადა, რომ ჟენევის მოლაპარაკებები უნდა გაგრძელდეს. მისივე თქმით, რუსეთსა და ოკუპირებულ აფხაზეთს შორის გაფორმებული ხელშეკრულება რუსეთთან ურთიერთობას გაართულებს. ამასთან, დონდუა 20 ნოემბერს აცხადებდა, რომ ე.წ ხელშეკრულების გაფორმებით საფრთხე ჟენევის მოლაპარაკებებსაც შეექმნებოდა.

"ამ ხელშეკრულების ხელმოწერა, რასაც ჩვენ აღვიქვამთ როგორც ანექსიისკენ გადადგმულ ნაბიჯს, რა თქმა უნდა, კიდევ უფრო გაართულებს რუსეთთან ურთიერთობებს. რაც შეხება ჟენევის მოლაპარაკებებს, ჟენევის მოლაპარაკებები არ არის ჩვენი ურთიერთობის ორმხრივი ფორმატი, ეს არის რუსეთის აღებული ვალდებულება - ექვსპუნქტიანი ცეცხლის შეწყვეტის ხელშეკრულების, რომელიც მან აიღო საერთაშორისო თანამეგობრობის და კერძოდ, ევროკავშირის მიმართ. ასე რომ ეს მოლაპარაკებები უნდა გაგრძელდეს, რა თქმა უნდა" - თქვა გუშინ დონდუამ.

კომენტარები