პოლონეთი-საქართველო

საქართველოს პრეზიდენტი პოლონეთის რესპუბლიკაში გაემგზავრა

გიორგი მარგველაშვილი
argumenti.ge

საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი სამუშაო ვიზიტით დღეს ვარშავას ეწვევა. დაგეგმილია საქართველოსა და პოლონეთის ლიდერების პირისპირ შეხვედრა, რის შემდეგაც პოლონეთის რესპუბლიკის პრეზიდენტი ქართულ დელეგაციას სამუშაო სადილზე უმასპინძლებს. გიორგი მარგველაშვილი ასევე შეხვდება პოლონეთის სეიმის მარშალს რადოსლავ სიკორსკის.

პრეზიდენტის ადმინისტრაციის ინფორმაციით,ვიზიტის ფარგლებში იგეგმება გიორგი მარგველაშვილის მონაწილეობა საერთაშორისო კონფერენციის მუშაობაში, რომელიც ვარშავის უნივერსიტეტში საქართველოსა და პოლონეთის პრეზიდენტების პატრონაჟით გაიმართება. გიორგი მარგველაშვილი გრიგოლ ფერაძის სახელობის მე-12 საერთაშორისო კავკასიურ სესიას გახსნის.

ვიზიტის დასასრულს კი საქართველოს პრეზიდენტი სიტყვით წარსდგება პოლონეთის საერთაშორისო ურთიერთობათა ინსტიტუტში თემაზე „საქართველო - ევროპის ხიდი აღმოსავლეთსა და დასავლეთს შორის“ და ექსპერტებისა და ჟურნალისტების შეკითხვებს უპასუხებს.

გიორგი მარგველაშვილი ქართულ დელეგაციასთან ერთად საქართველოში 5 დეკემბერს დაბრუნდება.

კომენტარები