აპატურაის ვიზიტი საქართველოში

NATO შეშფოთებულია აღქმით, რომ სამართლებრივი დევნა პოლიტიკურადაა მოტივირებული

სამხრეთ კავკასიაში NATO-ს სპეციალური წარმომადგენლის ჯეიმს აპატურაის თქმით, NATO შეშფოთებულია იმ აღქმის გამო, რომ სისხლისსამართლებრივი დევნა საქართველოში პოლიტიკურადაა მოტივირებული. აღნიშნული მან თავდაცვის სამინისტროში განვითარებულ მოვლენებზე თქვა, როცა ირაკლი ალასანია თავდაცვის უწყების მაღალჩინოსნების დაკავებას პოლიტიკურ მოტივს უკავშირებდა. აპატურაი ევროინტეგრაციის მინისტრ დავით ბაქრაძეს დღეს შეხვდა და შემდეგ ერთობილივი ბრიფინგი გამართეს.

"შეშფოთებული ვართ იმ აღქმის გამო, რომ სისხლისსამართლებრივი დევნა საქართველოში პოლიტიკურადაა მოტივირებული. ძალიან მნიშვნელოვანია, პოლიტიკური დევნა ავირიდოთ თავიდან როგორც რეალობაში, ასევე აღქმაც კი მისი არსებობის შესახებ. თუ ეს აღქმა NATO-ს მოკავშირეების დედაქალაქებში ფართოდ გავცელდება, ეს საქართველოს NATO-ში გაწევრიანების გზაზე ბარიერს შეუქმნის", - თქვა აპატურაიმ.

აპატურაის თქმითვე, მალე "საქართველოში NATO  და NATO-ში საქართველო" უფრო მეტად იქნება წარმოდგენილი.

"თქვენ ძალიან მალე იხილავთ NATO-ს ექსპერტების გაზრდილ რაოდენობას საქართველოში, რომლებიც გაცილებით უფრო ღრმა დეტალებზე ისაუბრებენ ქართულ მხარესთან. ვიხილავთ NATO-ს ძირითად გუნდს, რომელიც ასევე იმუშავებს ქართველ კოლეგებთან. ნახავთ წვრთნების მთელ რიგს, ტრენინგს, სატრენინგო ცენტრის ფუნქციონირების დაწყებას. უფრო მეტად იქნება საქართველო წარმოდგენილი NATO-ში და NATO საქართველოში", - აღნიშნა აპატურაიმ. მისივე თქმით, "ბუქარეტის გადაწყვეტილება ძალაში დარჩება, ეს არის NATO-ს პოლიტიკური გადაწყვეტილება. პაკეტი შედგენილი იმისთვის, რომ საქართველოს დაეხმაროს გაწევრიანების გზაზე".

ბრიფინგზე ევროინტეგრაციის მინისტრმა დავით ბაქრაძემაც ისაუბრა.

"ჩვენ განვიხილეთ ინტეგრაციის კუთხით საქართველოს მიერ მიღწეული პროგრესი. აქცენტი, რა თქმა უნდა, გაკეთდა არსებითი ღონისძიებათა პაკეტის იმპლემენტაციის თვალსაზრისით და ამ მიმართულებით იმ მოლოდინებზე, რომლებიც ალიანსისა და წევრი სახელმწიფოების მხარდაჭერის მხრივ გვაქვს. რა თქმა უნდა, განვიხილეთ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებზე არსებული მდგომარეობა და რუსეთსა და სოხუმს შორის მოკავშირეობის ე.წ. ხელშეკრულება", - თქვა ბაქრაძემ.

კომენტარები