საქართველოს ყოფილი მაღალჩინოსნები უკრაინის მთავრობაში

კალაძე: ზღულაძესა და კვიტაშვილს წარმატებებს ვუსურვებ

ვიცეპრემიერ კახი კალაძის თქმით, საქართველოს ყოფილი მაღალჩინოსნების უკრაინაში მაღალ თანამდებობებზე დანიშვნასთან დაკავშირებით, მისი ორი დღის წინ გაკეთებული განცხადება, რომ ეს ფაქტი „ცოტა უხერხული და წარმოუდგენელი იქნებოდა" - მიხეილ სააკაშვილისა და ზურაბ ადეიშვილის დანიშვნასთან დაკავშირებით გავრცელებულ ხმებს ეხებოდა. ეს განცხადება კალაძემ ტელეკომპანია იმედის პირდაპირ ეთერსი გააკეთა.

"ზუსტად ამან გამოიწვია ჩემი გაკვირვება, რადგან ეს ადამიანები ორივე იძებნება. არსებობს კონკრეტული საქმეები, რომელზეც პასუხის გაცემას ეს ორი პიროვნება თავს არიდებს. ამით იყო განპირობებული ჩემი კომენტარი. რაც შეეხება ზღულაძესა და კვიტაშვილს, მე ამ ადამიანების საწინააღმდეგო არაფერი მაქვს. მე მათ მინდა წარმატებები ვუსურვო" - განაცხადა კალაძემ.

ვიცეპრემიერის ეს განცხადება, ექსპრემიერ ბიძინა ივანიშვილის მიერ დღეს, იმავე საკითხზე გაკეთებულ კომენტარს მოჰყვა:

"მე არ ვთვლი, რომ გაფუჭდება ამით ურთიერთობა. საერთოდ, თეორიულად ჩვენ უნდა მივესალმოთ ჩვენი ყველა მოქალაქის წარმატებას, სადაც არ უნდა იყოს. გასაგებია თქვენი კითხვა და ის ემოციური დამოკიდებულება, რაც საქართველოში ამ საკითხთან დაკავშირებით არსებობს. ბოლო ორი დღის გამავლობაში განხილვა მიდის იმაზე, რომ თანამდებობებზე დაინიშნენ ისინი, ვისაც საქართველოში წარმატებისთვის არ მიუღწევია. რა თქმა უნდა, მეც ვუსურვებდი მათ, რომ ის შეცდომები, რაც საქართველოში დაუშვეს, იქ აღარ გაემეორებინოთ და ჭეშმარიტი, არაფორმალური და არაყალბი წარმატებებისთვის მიეღწიოთ", - განაცხადა ივანიშვილმა.

შეგახსენებთ, რომ ორ დეკემბერს კალაძემ განაცხადა, რომ „საუბარია ადამიანებზე, რომლებიც იყვნენ სცენარისტები, ძირითადი ავტორები იმ ძალადობრივი რეჟიმის, რომელიც მათ შექმნეს თავიანთი ხელმძღვანელის, მიხეილ სააკაშვილის მეთაურობით. ჩვენ ძალიან კარგად გვახსოვს, რა ხდებოდა 9 წლის განმავლობაში ქვეყანაში. არ მინდა ამაზე საუბარი, თუმცა თუ ასეთ გადაწყვეტილებას მიიღებენ, რა თქმა უნდა, ეს მტკივნეული იქნება ჩვენთვის, ჩვენი ქვეყნისთვის. რადგან ჩვენ უკრაინა მიგვაჩნია მეგობარ ქვეყნად და ვფიქრობ, ცოტა უხერხული და წარმოუდგენელი იქნება უკრაინის ხელისუფლებაში იმ ადამიანების ხილვა, რომლებიც საქართველოში იძებნებიან. წინასწარ არ მინდა, რაიმე განცხადებები გავაკეთო, თუმცა, კიდევ ერთხელ ვიტყვი, რომ არ იქნება სასიამოვნო ფაქტი", - თქვა კალაძემ.

კომენტარები