ზვიად ჯანყარაშვილი

ზვიად ჯანყარაშვილმა ქართული ოცნების აღმასრულებელი მდივნის თანამდებობა დატოვა

0 კომენტარი
ფოტო: რუსთავი 2

ქართულ ოცნებაში ადასტურებენ, რომ ზვიად ჯანყარაშვილი პარტიის აღმასრულებელი მდივანი აღარ არის. სააგენტო ინტერპრესნიუსს პარტიის პრესსამსახურში განუცხადეს, რომ ჯანყარაშვილმა გადაწყვეტილება საკუთარი სურვილით მიიღო.

"ვადასტურებთ, რომ ზვიად ჯანყარაშვილი პარტია ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს აღმასრულებელი მდივანი აღარ არის. მან თავად მიიღო ეს გადაწყვეტილება. სხვა სახის კომენტარი ამ საკითხზე არ გაკეთდება", - აღნიშნავენ პარტიის პრესსსამსახურში.

გავრცელებული არაოფიციალური ინფორმაციით, ზვიად ჯანყარაშვილი უკრაინაში საქართველოს ელჩად ინიშნება. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს გენერალური ინსპექციის ყოფილი უფროსი, პრემიერ ირაკლი ღარიბაშვილის ნათესავი ზვიად ჯანყარაშვილი ქართული ოცნების აღმასრულებელი მდივანი სექტემბერში გახდა. შინაგან საქმეთა სამინისტროს გენერალური ინსპექციის უფროსის თანამდებობა კი, 2012 წლის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ დაიკავა. მანამდე ის, სიღნაღში, ქართული ოცნების საარჩევნო შტაბს ხელმძღვანელობდა. 

2013 წლის მარტში, ჯერ კიდევ შინაგან საქმეთა მინისტრის პოსტზე მყოფ ირაკლი ღარიბაშვილთან შეხვედრაზე საპარლამენტო უმცირესობის წევრმა ირმა ნადირაშვილმა უწყებაში ნეპოტიზმის შემთხვევებზე ისაუბრა. ნადირაშვილმა მოიყვანა რამდენიმე მაგალითი და განაცხადა, რომ ღარიბაშვილის ნათესავები სხვადასხვა თანამდებობებზე არიან დანიშნულები. ნადირაშვილმა აღნიშნა, რომ ღარიბაშვილის სიმამრის თამაზ თამაზაშვილის დისშვილი ზვიად ჯანყარაშვილი კი გენერალური ინსპექციის უფროსია. ღარიბაშვილმა ამ გამოსვლას არასერიოზული უწოდა და თქვა - "თქვენ არ გსმენიათ, რომ მეუღლის ნათესავი არ არის ნათესავი?".

ინციდენტის შემდეგ ჯანყარაშვილმა თანამდებობა იმ მიზეზით დატოვა, რომ არ სურდა ქვეყნის პრემიერმინისტრთან ნათესაობის თემაზე სპეკულაციების გაგრძელება. მიუხედავად ამ განმარტებისა, ჯანყარაშვილის თანამდებობიდან გადადგომის მიზეზად ქართული ოცნების გენერალურ მდივან კახი კალაძესთან განხეთქილებას ასახელებდნენ. გავრცელებული ინფორმაციით, კალაძესა და ჯანყარაშვილს შორის უსიამოვნება მას შემდეგ დაიწყო, რაც თბილისის საკრებულოს სიაში ყოფილი თავმჯდომარე ირაკლი შიხიაშვილი არ იყო. ასევე ამბობდნენ, რომ შიხიაშვილს ლობირებას სწორედ ჯანყარაშვილი უწევდა. ამ ინფორმაციას ირაკლი შიხიაშვილი უარყოფს. 

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

ანკა ვასაძე

კომენტარები