ლარის კურსის ვარდნა

მთავრობა: ლარის კურსს გრძელვადიან პერიოდში საფრთხე არ ემუქრება

საქართველოს მთავრობა

საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის განცხადებით, "ლარის კურსთან დაკავშირებით სწორი და ეფექტური პოლიტიკის გასატარებლად, მთავრობა სრულ კოორდინაციაშია ეროვნულ ბანკთან და რეგულარულად მართავს სამუშაო შეხვედრებს". დღეს პრემიერმინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი მთავრობის ეკონომიკური გუნდის წევრებს და ეროვნული ბანკის ხელმძღვანელობას შეხვდა.

"სამუშაო შეხვედრაზე აღინიშნა, რომ კურსის ცვლილებასთან დაკავშირებით საზოგადოებაში შექმნილი აჟიოტაჟი უარყოფითად აისახება პროცესზე, ამიტომ მთავრობის მეთაურმა მოუწოდა მედიას და პოლიტიკურ პარტიებს, თავი შეიკავონ სიტუაციის ხელოვნურად დაძაბვისგან.

შეხვედრაზე აღინიშნა, რომ ლარის კურსის არსებული მერყეობა სტაბილური ვალუტებისთვის დამახასიათებელი მერყეობის პარამეტრებში ჯდება. ეკონომიკური გუნდის ინფორმაციით, მსოფლიო ფინანსურ ბაზრებზე დოლარის კურსი გამყარებულია ყველა ძირითადი ვალუტის მიმართ, რაც თავისთავად აისახება ლარი/დოლარის კურსზე.

საქართველოს ხელისუფლება ატარებს თანმიმდევრულ პოლიტიკას, შესაბამისად, ფინანსურ სტაბილურობას და ლარის კურსს გრძელვადიან პერიოდში საფრთხე არ ემუქრება", - აცხადებს მთავრობის ადმინისტრაცია და აღნიშნავს, რომ დღეს, ეროვნული ბანკის პრეზიდენტი ეროვნული ვალუტის კურსთან დაკავშირებით პრესკონფერენციას გამართავს და სრულ ინფორმაციას მიაწვდის საზოგადოებას.

 

კომენტარები