ლარის კურსის ვარდნა

ქადაგიძე: მთავრობასთან შეთანხმებით, დეკემბერში საბიუჯეტო ხარჯები შეიკვეცება

ლარის გაუფასურების გამო საქართველოს ეროვნული ბანკი დაგეგმილზე მეტ ინფლაციურ ზეწოლას არ ელოდება, ამის ერთ-ერთი მიზეზი კი ისაა, რომ დეკემბერში, მთავრობასთან შეთანხმებით, საბიუჯეტო ხარჯები შეიკვეცება. ამის შესახებ დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა გიორგი ქადაგიძემ განაცხადა.

"მიუხედავად იმისა, რომ გაცვლითი კურსის მერყეობა აისახება ზოგიერთ სასაქონლო ჯგუფზე, ჩვენ არ ველოდებით დაგეგმილზე უფრო მეტ ინფლაციურ ზეწოლას. ამის მიზეზი კი არის ორი. პირველი - ისეთ სასაქონლო ჯგუფებზე, როგორიცაა ნავთობი, ხორბალი, შაქარი, ზეთი, მსოფლიოს მასშტაბით ფიქსირდება ფასების მნიშვნელოვანი კლება. მეორე მიზეზი, რის გამოც არ ველოდებით მნიშვნელოვან ინფლაციურ ზეწოლას, არის მონეტარული აგრეგატების ფაქტორი. უფრო მარტივად რომ გითხრათ - ფულის მასა შარშანდელისგან განსხვავებით არ გაზრდილა. მეტიც, მთავრობასთან კონსულტაციის შედეგად, მიღებულია გადაწყვეტილება, რომ დეკემბერში, ბიუჯეტის დეფიციტურ ხარჯვას ადგილი არ ექნება. ეს კიდევ უფრო შეასუსტებს ზეწოლას ინფლაციაზე. იმ შემთხვევაში, თუ დავინახავთ კიდევ უფრო გაზრდილ ნეგატიურ მოლოდინებს და რისკებს, ჩვენ განვახორციელებთ მნიშვნელოვან და მოცულობით ინტერვენციებს ჩვენს ხელთ არსებული ყველა ფინანსური ინსტრუმენტის გამოყენებით იმისთვის, რომ სიტუაცია იყოს სტაბილური", - განაცხადა ქადაგიძემ.

შესაბამისად, მისი თქმით, ქვეყნის ფინანსურ და მაკროეკონომიკურ სტაბილურობას არავითარი საფრთხე არ ემუქრება. „ამის გარანტია ეროვნული ბანკი. ჩვენ არაერთხელ გვითქვამს ამის შესახებ და არა მხოლოდ გვითქვამს, საქმით დაგვიდასტურებია გაცილებით უფრო მნიშვნელოვანი შოკების დროს", - აღნიშნა ქადაგიძემ.

ქადაგიძის თქმით, ლარის გაუფასურების მიზეზები კომპლექსურია, თუმცა დისბალანსის აღმოფხვრა უკვე მოხდა.

„ეროვნული ვალუტის გაუფასურებას აქვს როგორც შიდა, ასე გარე ფაქტორებით გამოწვეული მიზეზები. ბოლო შვიდი წლის განმავლობაში ისტორიულად გამყარებულ დოლართან ერთად ადგილზე გვაქვს შიდა სავალუტო შემოდინებების ძირითადი წყაროების დასუსტება ან კლება. ამავე დროს, ჩვენი გათვლებით, ეს დისბალანსი აღმოფხვრილია და უკვე ასახულია ლარის გაცვლით კურსში", - განაცხადა ქადაგიძემ.

მისივე განმარტებით, ბაზრის ის მონაწილეები და მოქალაქეები, რომლებიც იღებენ ან მიიღებენ იმპულსურ გადაწყვეტილებებს კონვერტაციასთან დაკავშირებით, როგორც წესი, ყოველთვის ზარალდებიან.

"ყველა გაუფასურებას მოსდევს გამყარება, ამიტომ ბაზრის ის მონაწილეები და მოქალაქეები, რომლებიც იღებენ ან მიიღებენ იმპულსურ გადაწყვეტილებებს კონვერტაციასთან დაკავშირებით, როგორც წესი, ყოველთვის ზარალდებიან", - აღნიშნა ქადაგიძემ.

ქადაგიძის განცხადებით, ეროვნული ბანკი საჭიროების შემთხვევაში უფრო აქტიურად ჩაერთვება ეკონომიკის დასტაბილურების საქმეში.

კომენტარები