გიგა ბოკერიას ინტერვიუ

ბოკერია: ხელისუფლებისთვის მთავარია ნაციონალებმა არ წამოყონ თავი

ნაციონალური მოძრაობის საერთაშორისო მდივნის გიგა ბოკერიას განცხადებით, უკრაინაში რეფორმების გატარება, რუსეთისთვის წინააღდეგობის გაწევა, საქართველოს მხრიდან არა მხოლოდ მორალური მხარდაჭერის საგანია, არამედ პირდაპირ შედის ჩვენი ქვეყნის ეროვნულ ინტერესებში და პირდაპირ აისახება საქართველოს მომავალზე. ბოკერიას თქმით, უკრაინაში ქართველი მინისტრების დანიშვნა საქართველოს საერთაშორისო ასპარეზზე წინა პლანზე წევს.

"ყველა სახელმწიფოებრივ და სამოქალაქო შეგნების ადამიანს თავისი პირადი ბოღმების მიუხედავად ამის გაცნობიერება უნდა შეეძლოს. ჩვენ სამწუხაროდ მთვრობაში ვხედავთ სრულიად საპირისპირო სურათს. მთავარი გამოწვევა ამ მთავრობისთვის არის არა ტერიტორიების დაკარგვასთან არსებული საფრთხე, არა ის,თუ რა შეიძლება საქართველოს ბედს დაემუქროს, არამედ მთავარია ნაციონალებმა არ წამოყონ თავი. ეს კონსტრუქციაა, რაც ამოძრავებს ამ ხელისუფლებას" - განაცხადა რუსთავი 2-ის ეთერში ბოკერიამ.

მისივე განმარტებით, უკრაინაში მიმდინარე მოვლენების ფონზე საქართველოს ხელისუფლების მიერ წარმოებული პოლიტიკა წარუმატებელი და სამარცხვინო იყო. 

"არც ერთი ორმხრივი მაღალი დონის ვიზიტი პრემიერმინისტრის, არც ერთი ვიზიტი თავდაცვის მინისტრის, არც ერთი ვიზიტი საგარეო საქმეთა მინისტრის - ის ერთხელ იყო ეუთოს მინისტერიალზე, რაც არ იყო ორმხრივი შეხვედრა" - აღნიშნა გიგა ბოკერიამ. 

ბოკერიამ ასევე მთავრობის წევრების მხრიდან უკრაინის მიმართ გაკეთებული განცხადებები გაიხსენა და აღნიშნა, რომ ხაზგასმით დისტანცირება უკრაინიდან საქართველოს ეროვნულ ინტერესების დამაზიანებელია. 

"როდის გააქტიურდნენ უკრაინასთან დაკავშირებით და როდის გადაწყვიტეს იქ ვიზიტი? როცა გაიგეს, რომ ეს "დემონები“ შეიძლება აღმოჩდნენ უკრაინის მთავრობაში. ეს არის არა მარტო არაპრაგმატული და ამორალური, არამედ ჩვენი ქვეყნის ეროვნული ინტერესების საწინააღმდეგო უკრაინასთან მიმართებაში" - განაცხადა ბოკერიამ. 

კომენტარები